დაპირისპირება წყალტუბოში

წყალტუბოს ინციდენტში მონაწილე ქართული ოცნების წევრებს პარტიას დაატოვებინებენ

წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქართული ოცნების წევრებს პარტიას დაატოვებინებენ. საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნების რეგიონული სამსახური "წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ოფისში შეჭრის და პროვოკაციის მოწყობის ფაქტს გმობს". საარჩევნო ბლოკის წევრების თქმით, ქართულ ოცნებას წყალტუბოში ერთადერთი საარჩევნო შტაბი აქვს, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქ. #4-ში და მისი ხელმძღვანელი ჯემალ ფანცხავაა.

"ნებისმიერი სხვა ჯგუფი, რომელიც საუბრობს წყალტუბოს შტაბის სახელით, არის არაკეთილისმოსურნე ძალების მხრიდან მართული და ცდილობს ხელოვნური პრობლემები შეუქმნას ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ოფისში შეჭრილ ადამიანებს თან ახლდა პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს რამდენიმე წევრიც, რომლებიც უმკაცრესად დაისჯებიან და დატოვებენ ჩვენი პარტიის რიგებს. გვჯერა, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეისწავლიან სამართალდამცავი ორგანოებიც და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გვინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ მიუხედავად პროვოკაციების მცდელობისა, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდ და პოზიტიურ გარემოში და ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე", - აცხადებს რეგიონული სამსახური. ტექსტი ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა. 

წყალტუბოში, კოალიცია ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილის განცხადებით,  წყალტუბოში კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაერთიანებული.

დაპირისპირებამდე ამ განცხადების ავტორებმა საპროტესტო აქციაც გაიმართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. 

აქციის შემდეგ, მონაწილეები მოწინააღმდეგე ფრთის ორგანიზაციის შტაბში შეიჭრნენ და მათგან იმ კანდიდატების სიები მოითხოვეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. 

კომენტარები