გელა ხვედელიძის საქმე

გელა ხვედელიძეს სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა

შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, დახურულ სხდომაზე მიიღო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ხვედელიძემ ბრალი აღიარა. ამასთან, უწყება საქალაქო სასამართლოს განაჩენის მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძეც. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს ხვედელიძის ადვოკატმა ემზარ ბაქრაძემ უთხრა. მან არ უარყო პროკურატურის ინფორმაცია, რომ ხვედელიძე ბრალდებას აღიარებს, თუმცა ეს არც დაადასტურა.

"ვერ გეტყვით, გელა ხვედელიძეს უნდა კითხოთ", - თქვა ადვოკატმა.

შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით გასული წლის მაისში წაუყენეს. ბრალდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინისტრის პირველი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 12 მაისს დააკავა. 15 მაისს კი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით, მას პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც მისცა.

თავდაპირველად, გელა ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა, შემდეგ კი, პოზიცია შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები