სასჯელაღსრულების დაწესებულება

ომბუდსმენი ბადაშვილს პატიმრის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიებას სთხოვს

news.ge

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელაღსრულების #14 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას სთხოვს. ომბუდსმენის ინფორმაციით, მის რწმუნებულთან საუბარში ქუთაისის #2 დაწესებულების მსჯავრდებულმა ა.მ-მ. განაცხადა, რომ ის მიმდინარე წლის 4 აპრილს ქუთაისის #14 დაწესებულებიდან #2 დაწესებულებაში გადმოიყვანეს, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა.

"ა.მ-ს განმარტებით, იგი 4 აპრილს #14 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსის მოთხოვნით, ერთ–ერთ საგამოძიებო ოთახში შეიყვანეს, სადაც დახვდნენ დაწესებულების დირექტორი და ე.წ. „მაყურებლები“. დაწესებულების დირექტორმა მსჯავრდებულს განუცხადა, რომ აპირებდა მის სხვა დაწესებულებაში ეტაპირებას, რაც პატიმარმა სიტყვიერად გააპროტესტა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ამ დროს ოთახში შევიდა სარეჟიმო განყოფილების უფროსი, რომელმაც მას ე.წ. რაცია ჩაარტყა მარცხენა მკლავის ზედა ნაწილზე. შემდეგ დაწესებულების თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ამოუბრუნეს ხელ–ფეხი, დაადეს ბორკილები და ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს #2 დაწესებულებაში.
მსჯავრდებულის ინფორმაციით, მის მიმართ #14 დაწესებულების ადმინისტრაციის და ე.წ. „მაყურებლების“ მხრიდან დაშინების და ძალადობრივი ქმედების მცდელობას ადგილი ჰქონდა 1 აპრილსაც, რის გამოც, იგი გაიქცა დაწესებულების სპორტულ მოედანთან მდებარე წყლის ავზებთან, სადაც ფეხსაცმლის თასმა ცალი მხარით ჩასჭიდა რკინას და ჩამოიკიდა კისერზე" - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ რწმუნებულებთან შეხვედრის დროს, ა.მ-ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა მხარეს ლავიწის ძვალთან დაახლოებით ხუთი სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ესკორაცია და მარცხენა ბეჭზე მოყვითალო ფერის დაზიანება.

კომენტარები