იმედის ფესტივალი

სპორტის სასახლეში იმედის ფესტივალის ტექნიკური მოწყობილობა დაიწვა

სპორტის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, იმედის ფესტივალის ჩასატარებელ სცენაზე ტექნიკური მოწყობილობა (სადენები/გაყვანილობა, განათება) დაიწვა. ფესტივალის პიარ მენეჯერის ლელა ხონელიძის განმარტებით, როდესაც სპორტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა, პერსონალი სცენას ამონტაჟებდა. მისი თქმით, სადენები და გაყვანილობა დაიწვა, ხოლო სპორტის სასახლის ადმინისტაციაში ამბობენ, რომ მათ აღდგენას 1 კვირა დასჭირდება.

იმედის ფესტივალი 6-8 ივნისს უნდა ჩატარდეს. ლელა ხონელიძის განმარტებით, ღონისძიების თითოეულ დღეს ცხრა ათას კაცს ელოდნენ. მისი თქმით, ალტერნატივაზე არ უმსჯელიათ და ამხელა მასშტაბის ღონისძიებას სხვაგან ვერ ჩაატარებენ. 

"ჩვენ მაინც ვდგავართ იმ აზრზე, რომ ეს ღონისძიება მაინც გაიმართება, მაინც ჩატარდება" - თქვა ხონელიძემ.

მისივე განცხადებით, არ იცის ცეცხლის გაჩენის მიზეზი, თუმცა, "მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს".

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას სპორტის სასახლეში გაჩენილ ხანძარს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

 "ხანძარი იყო გამთენიისას, სპორტის სასახლის ფოიეში რაღაც ნარჩენები იწვოდა, არაფერი დაზიანებულა სერიოზული, არც არავინ დაზარალებულა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა" - განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ექსტრემისტმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ 6-8 ივნისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილი იმედის ფესტივალის ჩაშლას ”მეგობრებთან ერთად” შეეცდება. 

 "მე ყველას ვურჩევ, რომ ეს ფესტივალი საქართველოში არ ჩატარდეს. მე ამას ხელს შევუშლი, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. არავის არ ვერჩი, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ ვინც იქ შევა, ის იქნება მართლმადიდებლობის მოღალატე ადამიანი. ჩვენ მოვაწყობთ "სირცხვილის კორიდორს" და ყველას მოვუწოდებთ, რომ "იმედის ფესტივალს" არ დაესწრონ", - აცხადებს გაბედავა.

 იმედის ფესტივალს უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "სამარიტელთა ქისის" (Samaritan´s Purse) პრეზიდენტი - ფრანკლინ გრემი უნდა დაესწროს. ფრანგკლინ გრემის მამა, ბილი გრემი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური ლიდერია. 

 იმედის ფესტივალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, მათი თქმით, ღირსი ბილი გრემის ჩამოსვლასთან მათ კავშირი არ აქვთ. 

 "მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს. 

როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფესტივალის ადგილობრივი ორგანიზატორისა, ბილი გრემი არ არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მქადაგებელი, ის ევანგელისტი მქადაგებელია, სამხრეთის ბაპტისტური მიმდინარეობიდან.

კომენტარები