სერჟ სარგსიანის ვიზიტი

უსუფაშვილი: ჩვენ და სომხეთი უსაფრთხოების შენარჩუნებას უერთმანეთოდ ვერ შევძლებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სომხეთი და საქართველო საკუთარი უსაფრთხოებისა და სტრატეგიულობის შენარჩუნებას უერთმანეთოდ ვერ შეძლებენ.

"ჩვენი შეხვედრა, ცხადია, შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბოლო ხანებში ჩვენ გარკვეულწილად განვითარების სხვადასხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო სომხეთს გადაწყვეტილი აქვს რუსეთთან, ბელორუსთან, ყაზახეთთან ერთად სხვა გაერთიანებაში შესვლა. ჩვენ შევჯერდით და შევთანხმდით იმაზე, რომ გვესმის ერთმანეთის არჩევანის, გვესმის ის მიზეზები, წანამძღვრები, თუ რატომ გავაკეთეთ ორივე ქვეყანამ ესა თუ ის არჩევანი. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ საქართველომ და სომხეთმა უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რომ ამ განსხვავებული მიმართულების მქონე, სხვადასხვა ვექტორის მქონე სავაჭრო ეკონომიკურ გაერთიანებებში ყოფნის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კი არ დაზარალდეს, არამედ გაუმჯობესდეს. ამისთვის უნდა სპეციალურ ზომებს მივმართოთ, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, მოხდა შეთანხმება, პარლამენტების დონეზე გაიმართოს სამუშაო ვიზიტები არა მხოლოდ მეგობრულ ჯგუფთა შორის, არამედ შესაბამის კომიტეტებში, რათა "კარგად გავერკვეთ თუ რა იცვლება სომხეთში, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების შემდეგ ბიზნესკლიმატთან დაკავშირებით, სავაჭრო ეკონომიკურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და სომხეთიც უკეთ გაეცნოს, თუ რა იცვლება საქართველოში". დავით უსუფაშვილის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის უპრობლემო ურთიერთობა იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბიზნესწრეებმა გარკვეული შესაძლებლობები დაინახონ კოლეგებთან საქმიანობის, ან პირიქით. "ასე რომ, ჩვენ ეს განსხვავებული გზები უნდა ვაქციოთ არა დისტანცირების საშუალებად, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობები, იმიტომ, რომ ორივეს კარგად გვესმის, უერთმანეთოდ ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები