კალაძე: ის, რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა, არ არის სწორი

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ვიცეპრემიერ კახა კალაძის მტკიცებით, "ის, რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა, არ არის სწორი". როგორც კალაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის სისულელეებზე" სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"ის, რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა, არ არის სწორი. ქალბატონი ნორა კონკრეტულ ქალბატონს ესაუბრება სრულიად სხვა რამეზე. ამიტომ, არ მინდა, ნაციონალური მოძრაობის სისულელეებსა და ბოდვებზე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

"ვიცი მათი მდგომარეობა, ისინი სავალალო დღეში არიან, რაც ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა - მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ საკრებულოებში მხოლოდ 64 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანეს. 44 ოლქში ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი", - თქვა კალაძემ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ნორა თოდუა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. ენმ-ის ინფორმაციით, ვიდეომასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზეა გადაღებული, სადაც ნორა თოდუა საარჩევნო კომისიის წევრი იყო და "პირადად აკონტროლებდა, რომელ ნომერს ხაზავდა უბანზე მისული ამომრჩეველი".

სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ კომისიის წევრების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი სანქციები უნდა გაიცეს.

"საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებებს სწავლობს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომისიის წევრების მიერ იყო გადაცდომები ჩადენილი, და მე რაც ვნახე, იქ ერთ-ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ თავმჯდომარე, მეგრულად ამბობს - "ეს არ შეიძლება", უნდა დადგინდეს - რა გაკეთდა ისეთი, რაც არ შეიძლება და შესაბამისი სანქციები გაიცეს", - განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები