ტაბულას თანამშრომლის დაკავება

ტაბულას თანამშრომელი საია-ს იურისტმა მოინახულა

პოლიციის ინფორმაციით, ტაბულას თანამშრომლის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დანიშნულიყო, მაგრამ სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებს პროცესის დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. წუხელ საპატრულო პოლიციამ ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. როგორც პოლიციელები ამბობენ, მათი ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღი ჰქონდათ და მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, პოლიციის ინფორმაცია არ დადასტურდა.

პოლიციამ დაკავებულები დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებიდან ნარკოლოგიური შემოწმების გასავლელად გადაიყვანა. ერთ-ერთ დაკავებულს ცემის ნიშნები აღენიშნებათ. დაკავების მიზეზები პოლიციამ ტაბულას იურისტის არ განუმარტა. რამდენიმე საათიანი ძალისხმევის და შესაბამისი კანონების ჩვენების მიუხედავად, ტაბულას იურისტი ტაბულას თანამშრომელთან ვერ შევიდა.

მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ პოლიციის თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ადგილზე მყოფმა ტაბულას იურისტმა შსს-ს გენერალური ინსპექცია გამოიძახა.  რამდენიმე შეტყობინების მიუხედავად, გენერალური ინსპექცია ადგილზე არ გამოჩენილა.

შსს პრესსამსახურში ტაბულას განუმარტეს, რომ სამი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ადგილზე ტაბულას იურისტი იმყოფებოდა. თუმცა, ტაბულას მიერ გადაღებულ კადრებში აღბეჭდილია, რომ იურისტი პოლიციის განყოფილებასთან იმყოფება და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას დაკავებულთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე გენერალური ინსპექციაც გამოცხადდა და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ არც ერთი პოლიციელი არაფხიზელ მდგომარეობაში არ ყოფილა. ტაბულას იურისტმა გენერალური ინსპექცია დაახლოებით 02:00 საათზე გამოიძახა და 03:30 საათამდე (დაკავებულს, სანამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანდნენ) გენერალური ინსპექცია არ გამოცხადებულა. ტაბულას იურისტის მოთხოვნით საპატრულო პოლიციამ ოქმი შეადგინა, რომელშიც გენერალური ინსპექციის გამოუცხადებლობის ფაქტი არის დაფიქსირებული. 

რაც შეეხება დაკავებულთა ცემას, შსს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. დაკავებულები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მოინახულა. საია-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს თავსა და სახის არეში ცემის კვალი აღენიშნება. ამასთან, კადრებში ერთ-ერთ დაკავებულს ცემის კვალი აღენიშნება. 

საკითხით სახალხო დამცველის აპარატი დილიდან დაინტერესდა. ომბუდსმენის ოფისიდან ტაბულას შეატყობინეს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ვითარებაში გარკვევას ცდილობს.

მთელი ღამის განმავლობაში კი ტაბულამ სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, ცხელი ხაზი ღამის საათებში არ მუშაობს, რის გამოც პრესსამსახური ბოდიშს იხდის. 

კომენტარები