ტაბულას თანამშრომლის დაკავება

ტაბულას თანამშრომლის სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება

ტაბულას თანამშრომლის სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მისი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

საიას ადვოკატის ლევან ვეფხვაძის თქმით, დაკავებულებს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

"სამი პიროვნებაა დაკავებული. პოლიცია მათ ედავებათ თანამშრომლისათვის ხელის შეშლას. ერთ-ერთ პიროვნებას აღენიშნება მკვეთრად ფიზიკური დაზიანება. სასამართლოში მათ ინტერესებს დაიცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები. მათ ედავებიან, რომ პოლიციისთვის ხელის შეშლა მოხდა გუშინ. როგორც პოლიცია განმარტავს, ისინი წინააღმდეგი იყვნენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის.

პოლიციას აქვს უფლება გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში გადაიყვანოს პირები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუმცა, მას არ აქვს უფლება, რომ ეს ძალით გააკეთოს. ამას აქვს გარკვეული პროცედურები, ამ შემთხვევაში მათ უნდა განემარტოთ უფლებები. კერძოდ, უნდა განმარტოდათ, რომ ჰქონდათ ადვოკატის უფლება, მათ უნდა განმარტოდათ, რაში ედავებოდნენ კონკრეტულად, რა სურდათ მათგან, რომ მიეღოთ. დაკავებულმა პირებმა მითხრეს, რომ მათ მსგავსი უფლებები არ განმარტებიათ. როგორც ისინი ამბობენ, პოლიციამ მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ის, რომ გენინსპექცია პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდა, დარღვევაა.

"იყო ვარაუდი, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ტაბულას ჟურნალისტებმა გამოიძახეს გენინსპექცია, მაგრამ როგორც განმარტეს, ისინი 3 საათის განმავლობაში არ მოსულან. რაც დარღვევაა, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც საკითხი ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, დაინტერესებული უნდა იყოს უწყების ის ორგანო, რომელიც სწავლობს მათ საქმიანობას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა მოსულიყვნენ, გარკვეულიყვნენ ადგილზე სიტუაციაში", - თქვა ადვოკატმა.

გუშინ, გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს. აღნიშნულის დასადგენად ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთ სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ.

ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს.

რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

ტაბულას იურისტს კი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის საშუალება არც დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში მიეცა.

კომენტარები