ტაბულას თანამშრომლის დაკავება

ტაბულას თანამშრომლის დაკავებაზე ოქმის შედგენის პროცესი

პატრულის თანამშრომლებისა და ტაბულას იურისტის საუბარი ოქმის შედგენისას. იურისტის მიერ გენინსპექციის არაერთი გამოძახების მიუხედავად, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ.

გუშინ, გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები, შესაძლოა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს.

ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს.

რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

ტაბულას იურისტს კი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის საშუალება არც დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში მიეცა.

კომენტარები