ტაბულას თანამშრომლის დაკავება

ტაბულას თანამშრომელს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

ტაბულას თანამშრომელს და მის ორ მეგობარს, რომლებიც პოლიციამ 28 ივნისს დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და მიზეზად, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაასახელა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დაკავებისას სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაფიქსირდა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს გასაჩივრება ათი დღის ვადაში შეუძლია. ტაბულას ჟურნალისტმა და კიდევ ორმა პირმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

29 ივნისს გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს.

აღნიშნულის დასადგენად ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

კომენტარები