გიგი უგულავას საქმე

ნიკოლოზ რაჭველის წერილი გიგის: მადლობა, რომ წუთით არ მიგიტოვებია უფროსი თაობა

www.ptpress.ge

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მხარდამჭერი კამპანიის "წერილი გიგის" ფარგლებში თბილისის ყოფილ მერს მიმართავს. 

"ჩემო გიგი, გავიგე, რომ ადვოკატები გიყვებიან ყველაფერს, რასაც შენზე წერენ და ამბობენ აქ, მეტად თავისუფალ და ზოგჯერ აღვირახსნილ სოციალურ სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე მეც აქედან შემოგეხმიანო ისე, რომ არ შემეშინდეს ჩემი შენდამი გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერც შენი დროის და ვერც ამჟამინდელმა მთავრობამ გამიგოს და არც საზოგადოების იმ ნაწილს ეამოს, ვისთვისაც გასული წლების განმავლობაში უფრო რთული იყო სამშობლოში თავისუფლად სუნთქვა, ვიდრე ახლა. თუმცა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, ვფიქრობ მისი კეთილი საქმეებით განცდილი სიხარული მინიმუმ კეთილი სიტყვებით უნდა დაუბრუნდეს განსაცდელის ჟამს! მიხარია, რომ შენს შემთხვევაში ეს ასეც ხდება! მინდა, რომ ეს განსაცდელი ისევ და ისევ საკუთარი სულიერი სრულყოფისთვის გამოგადგეს, რადგან შენი მორწმუნეობიდან გამომდინარე ვიცი, რომ ზუსტად იცი, რა შემთხვევაში უშვებს უფალი თავის მძიმე ჯვარს ადამიანზე! 

ჩემო გიგი, მინდა დიდი მადლობა გითხრა, რომ წინა წლებში თითქმის ერთადერთი იყავი მთელს შენს პოლიტიკურ გუნდში, ვისგანაც ვგრძნობდი პატივისცემას და სიყვარულს. დიდი მადლობა რომ ისეთი გუნდი გყავდა მერიაში (ლალიკო, მამუკა, ფატი, ნეკა, შოთიკო), რომლებთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო და არის ყველასთვის, ვინც თბილისში შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. დიდი მადლობა, რომ აგრეთვე შენი გუნდის მრავალი წევრისგან კარდინალური განსხვავებით ერთი წუთით არ მიგიტოვებია უფროსი თაობა, ამიტომ უყვარხარ და გგულშემატკივრობენ ჩვენი მხცოვანი კომპოზიტორები, მსახიობები, მწერლები. დიდი მადლობა, რომ ერთადერთი იყავი შენს ლელასთან ერთად, ვინც შენი პოლიტიკური გუნდისადმი კრიტიკული განწყობის გამო გარიყული და აკრძალული ნატო მეტონიძის გულშემატკივრობა არც ერთი წუთით შეგიწყვეტია და პირველი იყავი, ვინც შენი კოლეგების მიერ "ერის მოღალატედ" გამოცხადებულ პაატა ბურჭულაძეს ხელი გაუწოდე და გულნატკენი ხელოვანი ხელახლა შემოაბრუნე სამშობლოსაკენ. დიდი მადლობა, რომ ელისო ვირსალაძის ფესტივალის აღდგენა ჩაიდე თავში და ყველაფერი გააკეთე ამისათვის. დიდი მადლობა, რომ საოცარი თეატრალური ფესტივალი დააარსე და ჭოლას და ეკა მაზმიშვილს ჩააბარე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი ქეთი დოლიძის ისტორიული ფესტივალის დახურვა, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძნელია ყველასთვის შეძლო თანაბრად კარგის კეთება, მუდმივ მოქმედებას შეცდომები ახლავს. დიდი მადლობა, რომ ყოველ თბილისობაზე უბრალო პოპ მუსიკის კონცერტს კი არ გეგმავდი, არამედ ერთობლივად საათობით ვსხდებოდით და ვმსჯელობდით ფართო საზოგადოების გემოვნების ამაღლებისათვის რა რეპერტუარი ყოფილიყო უპრიანი. სწორედ შენი პროექტების დამსახურებით მომიწია დიდი ქართველი კლასიკოსების ათობით შესანიშნავი და ზოგჯერ მივიწყებული სიმღერის გაორკესტრება და შესრულება. შენი სურვილი იყო, სიმფონიური ორკესტრი გამხდარიყო სახალხო და ამისათვის ქალაქის დღესასწაულებზე მათთვის ჰონორარსაც არ იშურებდი, რაც იმ წლებში ერთადერთი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო ყველაზე დაბალ-ანაზღაურებადი ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებისათვის.

საყვედურიც გეკუთვნის, ყველას გვქონდა იმედი, რომ ჩვენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საკონცერტო დარბაზს მიხედავდი, მით უფრო, რომ ლიანა ისაკაძის და ჩვენი ორკესტრის კონცერტის დასასრულს საჯაროდ დაპირდი ყველას, მაშინ ხომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი იწყებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ისევ იმ დღეში ვართ ახლა, შეიძლება უარესშიც კი, დარბაზი დაიხურა სიცოცხლისათვის საშიში პირობების გამო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი მთავრობა მომეხმარება და ქუჩაში არ დატოვებს 90-წლიანი ისტორიის მქონე კოლექტივს, პრემიერმინისტრი დაგვპირდა კიდეც, თუმცა არ შემიძლია, არ გითხრა კიდევ ერთი მადლობა იმის გამო, რომ შენი მერობის დროს თბილისის მერია იყო ერთადერთი უწყება, რომელიც ჩვენი მუსიკალური ცენტრის პროექტებს აფინანსებდა. ჯერ მარტო საოცარი საგუნდო ფესტივალი და ნიჭიერ ბავშვთა დათვალიერება-კონკურსები რად ღირს, რამდენი შესანიშნავი კონცერტი ჩატარდა და ტარდება დღესაც. რამდენ რამეს ვერ ვიხსენებ, სუხიშვილები და ჩვენი ორკესტრის პროექტი გახსოვს? რა მაგარი გამოვიდა… ფილარმონიაში რამდენი კომპოზიტორის საავტორო საღამო გაკეთდა მერიის ხელშეწყობით… მაცაცო, ნუნუ, მარიკა, ბიძინა, ვაჟა… ნანი ბრეგვაძის განუმეორებელი ბენეფისი… და როკისა და ალტერნატივის ქართველი მომღერლების პროექტი ჩვენს ორკესტრთან ერთად. რა მაგარი იყო შუშის ხიდის ქვეშ, ზედ სანაპიროზე… 
ხოდა ჩემო მეგობარო, მინდა გისურვო მხნეობა, სიმტკიცე და სიძლიერე, სინანული და სიხარული, ჯანმრთელობა და დროული დაბრუნება. ვიცი, რომ აპირებდი ჩვენი ჩელოს ფესტივალის დახურვაზე მოსვლას და დედაჩემისადმი მიძღვნილი ჩემი სიმფონიური ნაწარმოების მოსმენას, მაგრამ ვერ მოახერხე. ნეტა შეიძლებოდეს მუსიკის შემოგზავნა, სიამოვნებით მოგაწვდიდი ჩანაწერს. 

ხვალიდან ატყდება ერთი ამბავი, ჟურნალისტები გადაწერენ ჩემს სტატუსს, ფორუმებში შეურაცმყოფელ კომენტარებს მომიძღვნიან, ფეისბუქში აზრები ორად გაიყოფა, ვიღაც პოლიტიკურ კონიუქტურად ჩამითვლის, ვიღაც ძველი დროის ნოსტალგიად, მერე ჩემს გარშემო მეგობრებს შეეშინდებათ, რამე არ დამიშავდეს, უფრო სწორედ, ჩემზე ისე არ განაწყენდეს ხელისუფლება, რომ ამან ორკესტრსა და ცენტრის გეგმებზე უარყოფითად არ იმოქმედოს. რაღა დაგიმალო და მეც ვნერვიულობ. არ მინდა, რომ ჩემი მოსაზრების გამო ვინმე დაისაჯოს, ვინმეს სრულყოფილ მოღვაწეობას, საქმიანობას საფრთხე შეექმნას. მსგავსი ალბათობა შენს დროშიც უხვად იყო და შესაძლოა ახლაც არის, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ კი ყველა მორწმუნე გააცნობიერებს, რომ უფალი ადამიანს უდიდეს ცოდვას, მკვლელობასაც კი პატიობს გულწრფელი აღსარების და მონანიების შემთხვევაში. ხოდა ხომ შეიძლება ოდნავ მაინც მივისწრაფვოდეთ უფლის მსგავსებისკენ… 

ჩემო გიგი, გისურვებ ღვთის წყალობას!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი Facebook-ზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას დაკავებას დღეს მშვიდობის ხიდზე მისი მხარდამჭერები გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით  "წერილი გიგის" 17:00-ზე დაიწყება. იქ მისულ ადამიანებს შეეძლებათ, თბილისის ყოფილ მერს წერილი მისწერონ, რომელსაც სპეციალურ ურნაში ჩაყრიან. მშვიდობის ხიდზე უგულავას მერობის პერიოდში რეაბილიტირებული თბილისის ფოტოებიც გამოიფინება. 

აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება, რომელშიც მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შედიან.

წერილების გარდა, კეთდება გიგი უგულავას მხარდამჭერი ვიდეომიმართვები. სპეციალურად შექმნილ გვერდზე "წერილი გიგის" უკვე გავრცელდა მეუფე მელქისედეკის და მომღერალ ეკა მამალაძის  ჩანაწერები.

კომენტარები