მსოფლიო ეკონომიკა

რუსეთმა კუბას $35.2 მილიარდის ოდენობით ვალი ჩამოაწერა

ვლადიმერ პუტინი და რაულ კასტრო ჰავანაში, 11 ივლისი, 2014 წელი
ალეხანდრო ერნესტო / REUTERS

პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კუბასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთი კუბას სუვერენული ვალის 90%-ს ჩამოაწერს. რუსეთი კუბას $35.2 მილიარდის ოდენობით ვალს პატიობს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ITAR TASS კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სულ კუბას რუსეთის მიმართ $40 მილიარდამდე დავალიანება აქვს. დარჩენილი ვალის რაოდენობა $3.5 მილიარდია, რომელსაც რუსეთი რესტრუქტურიზაციას უკეთებს და კუბას შეეძლება დავალიანება 10 წლის მანძილზე დაფაროს, ნახევარწლიანი ინტერვალებით. ცხრილის მიხედვით კუბა ვალის დაფარვას 2024 წლის აპრილში დაასრულებს. 

პუტინი კუბის ლიდერს, რაულ კასტროს, 11 ივლისს ლათინოამერიკული ტურის ფარგლებში შეხვდა, რომელზეც პუტინი 16 ივლისის ჩათვლით იმყოფება. 

კუბის გარდა, პუტინი არგენტინას და ბრაზილიას ეწვია. ბრაზილიაში რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიო ჩემიონატის ფინალს დაესწრო, სადაც მაყურებელთა ლოჟაში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან და ფიფას პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა

კომენტარები