ენერგეტიკა

კალაძე: რუსთავი 2 არის სიცრუეზე დაფუძნებული მანქანა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, "რუსთავი 2 მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას". კალაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირების საკითხს და "სიცრუის გავრცელებაში" რუსთავი 2 დაადანაშაულა. მისი თქმით, "რუსთავი 2 არის სიცრუეზე დაფუძნებული მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ".

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "გუშინ მქონდა საუბარი სემეკის ხელმძღვანელთან, მიმდინარეობს ტარიფის გადათვლა. ჩვენ გუშინ ვნახეთ, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის ეთერში მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი იზრდებოდა და ეს არის სიცრუე".

კახი კალაძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, "არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რასაც რუსთავი 2 აკეთებდა გუშინ. ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა".

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილი პასუხობს, რომ "ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს". მისივე თქმით, "ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია".

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით კი, "მოცემული ინვესტიციების ფარგლებში, ტარიფი ან ერთი თეთრით ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს" და "თუ უნდა სემეკს და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს". თუმცა, მისი განცხადებიდან ცოტა ხანში, ენერგო-პრო ჯორჯიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას.

კომენტარები