ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: პარტია, რომელსაც რადარიდან აქრობდნენ, მთავარი ოპოზიციური ძალაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "პარტია, რომელსაც რადარებიდან გაქრობას უპირებდნენ, გამოჩნდა, რომ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმას იღებს". როგორც გაბაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე კონფერენციაზე აღნიშნა, პარტიის გეგმაა მომდევნო ორი წლის ისე გამოყენება, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ჩვენი საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან. პარტია, რომელსაც რადარებიდან გაქრობას უპირებდნენ და 5-6%-იან პარტიას უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ არის პარტია, რომელსაც ყოველი მესამე ამომრჩეველი აძლევს ხმას და არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ჩვენ არ მოვასვენებთ ხელისუფლებას და არ მივცემთ საშუალებას, რომ ხალხი გადააგდოს", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ. სიტყვით პარტიის ლიდერები გამოდიან.

ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული ენმ-ის წევრები ესწრებიან.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ "ნაციონალები რადარიდან ქრებიან" და პარტიის რეალური რეიტინგი 6-7%-ია. თუმცა, თბილისსა და რამდენიმე ქალაქში, ისევე როგორც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მმართველ პოლიტიკურ გუნდს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სწორედ ენმ-ის კანდიდატები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები