საგარეო პოლიტიკა

როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვიმხროთ კონგრესმენები

თამარა ქურდაძე
0 კომენტარი

ქართული ფული და ამერიკელი ლობისტები დროსა და სივრცეში

„ჩვენი პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი], ერთი რაც ჰქონდა კარგად აწყობილი, ამას აკეთებს ახლა და მხოლოდ ამაზე დაჯდა, რომ ლობირებას აკეთებს მაქსიმალურად, ეს სისტემა აწყობილი აქვთ... მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდათ,  და რაც ხდება ახლა, უფრო მოკლედ რომ გიპასუხოთ, და რატომ ხდება ეს, ეს ხდება ამიტომ, რომ ჩვენს ფულს, ჩვენი უმეცრობით იყენებდნენ, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს, და გარეთ დიდ PR კამპანიებს ამუშავებდნენ და დიდ ლობისტებს ამუშავებდნენ“.

ბიძინა ივანიშვილი, მოქალაქე

ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭომ 2013 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მისამართით კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ვანო მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაიხურება, თუ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას გააგრძელებს. საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, წერილს გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ გამოცემა ასეთ დასკვნებს სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებდა.

რაც შეეხება ვაშინგტონ პოსტის პოზიციას, ეს გაზეთის პოზიციაა თუ ჟურნალისტის? არც ერთია სწორი და არც მეორე. საოცარია, მე კიდევ გავერკვევი, როგორ მოახერხა და დაიბეჭდა ასეთი წერილი. ჩვენი პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი], ერთი რაც ჰქონდა კარგად აწყობილი, ამას აკეთებს ახლა და მხოლოდ ამაზე დაჯდა, რომ ლობირებას აკეთებს მაქსიმალურად, ეს სისტემა აწყობილი აქვთ. თქვენ იცით, ევროპაშიც დაიბეჭდა რაღაც, გაურკვეველი წერილები და იქაც, ჩვენ გავაკეთებთ რეაქციებს, გარწმუნებთ. ვაშინგტონ პოსტთანაც, მაია ფანჯიკიძე ახლა ამერიკაშია, და ალბათ მოხდება დაკავშირება. ჩვენ ვაშინგტონ პოსტი არ გვეპატიჟება, არ გვაქვს ჩვენ ასეთი შეთანხმება. გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება, გაზეთს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს და იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას. რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები, მარტო სააკაშვილმა უკარნახა თუ ეხმარებოდა, მაგალითად, მრჩეველი ჰყავს ისეთი, რომელიც მარტო ამითი არის დაკავებული, გლუქსმანი. (ბიძინა ივანიშვილი, 06.2013, სტილი დაცულია).

ივანიშვილმა არაერთ პრესკონფერენციასა და ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, რომ სააკაშვილის მთავრობა მილიონობით დოლარს ხარჯავდა ლობისტებსა და საერთშორისო PR-ზე, ევროპასა და ამერიკას „სიცრუეში აცხოვრებდა“ და საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს მოქალაქეების ფულით ყიდულობდა.

არცერთი გამოსვლის დროს ივანიშვილს არ უხსენებია ის, რომ 2012 წელს მის მიერ დაქირავებული ლობისტების რიცხვმა სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული ლობისტების რიცხვს გადააჭარბა, მომსახურებაში გადახდილი საფასურმა კი ივანიშვილისა და ქართული ოცნების შემთხვევაში 6 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც სააკაშვილის ადმინისტრაციამ იმავე სერვისებში მხოლოდ 2 მილიონამდე დოლარი დახარჯა.

ქართული ფული და ამერიკული ლობი

ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიების დაქირავების პრაქტიკა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სააკაშვილის და ბოკერიას დანერგილი ნამდვილად არ არის.

ჯერ კიდევ 1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, სახელმწიფომ 132 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა John Adams Associates, Inc.-ის მომსახურებაში.

საბჭოთა კავშირის ეროვნული დაგეგმარების საბჭომ (გოსპლანმა) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებსა და დასავლეთში, იქირავა ამერიკული საკონსულტაციო და ლობისტური კომპანია Skaddenm Arps, Slate, Meagher and Flom, LLP (SASMF).

ჯორჯ ბუში უფროსი, ედუარდ შევარდნაძე და ჯეიმს ბეიკერი III ფოტო: agenda.ge
1997 წელს იმავე კომპანიას, SASMF, ქირაობს საქართელოს რესპუბლიკა. ამ პერიოდში ამერიკაში საქართველოს ელჩი თედო ჯაფარიძეა.

1997-1999 წლებში საქართველომ ლობისტურ საკონსულტაციო კომპანიას 23 000 ამერიკულ დოლარამდე გადაუხადა სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციისათვის. SASMF-მა მთავრობას დახმარება სამოქალაქო დავების გადაწყვეტაშიც გაუწია.

1998 წელს საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში თედო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით თამაშში პოლ ჯოიალის კომპანია Capital Advisors-ი ჩართო. 

Capital Advisors-ი საქართველოს სახელმწიფოს უმეტესწილად თავდაცვის საკითხებში უწევდა კონსულტაციას. ჯოიალის დახმარებით მოხდა საქართველოს სასაზღვრო დაცვისთვის ამერიკის მიერ ახალი ვერტმფრენების გადმოცემა, ფონდების მოძიება საქართველოს თავდაცვის პოტენციალის განვითარებისთვის, აფხაზეთის გენოციდის თემის ლობირება ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

Capitol Advisors-ის დახმარებით მოხდა ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება აფხაზეთის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ამავე პერიოდში მომზადდა ფილმი რუსულ ენაზე, რომელიც აფხაზეთის გენოციდს ეხებოდა.

გენოციდის საკითხების გაეროს დღის წესრიგში დაყენებისათვისაც შევარდნაძის ადმინისტრაციამ რჩევები ჯოიალისგან მიიღო.

ჯოიალის სერვისებისათვის 1998-2001 წლებში კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადი 360 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებდა. 2001 წელს პოლ ჯოიალმა თედო ჯაფარიძეს წერილი მისწერა, სადაც იგი ელჩს მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის და ატყობინებს, რომ მოიხედავად მისი სურვილისა, განაგრძოს თანამშრომლობა, იგი იძულებულია ამ ეტაპზე საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტოს. ამის მიზეზად ჯოიალი ფინანსურ პრობლემებს ასახელებს, რომელიც ქართულ მხარესთან ურთიერთობისას წარმოიშვა. ჯოიალი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მხარე მოახდენს დავალიანების დაფარვას, რის შედეგადაც იგი Capital Advisors-ს დახურავს.

დღესდღეობით ჯოიალი საკონსულტაციო ლობისტური კომპანიის, National Strategies, მმართველი დირექტორია. 2012-2013 წლებში National Strategies უკვე ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ემსახურება, რაშიც ივანიშვილი 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტს იხდის.

გარდა სახელმწიფოებრივი და საკანონმდებლო კონსულტაციისა, ამერიკელი ლობისტების მომსახურებით შევარდნაძის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ ჭრილშიც სარგებლობდნენ.

სახელმწიფო კორპორაცია საქართველოს რკინიგზამ 2001-2004 წლებში სამი სხვადასხვა ლობისტური საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებით ისარგებლა.

Swidler Berlin Shereff Friedman LLP, Harbour Group და Hogan Hartson საქართველოს რკინიგზას ამერიკიდან ინვესტიციების მოზიდვასა და ამერიკის სენატში სატრანსპორტო საკანონმდებლო ცვლილებების საქმის კურსში ყოფნაში ეხმარებოდნენ.

Harbour Group-მა 2014 წელს საქართველოს მთავრობის მომსახურება განაგრძო. ისინი ქვეკონტრაქტორებად იქირავა ლობისტურმა კომპანიამ Patton Boggs, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილს, 2013 წლის მარტში კი ივანიშვილთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობას ემსახურება. Harbour Group-ს საქართველოს მთავრობამ 2014 წლის იანვარში 80 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა.

სააკაშვილის ადმინისტრაცია 2008 წლის ჩათვლით მხოლოდ ერთი ლობისტური კომპანიის, Orion Strategies მომსახურებით სარგებლობდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოკლევადიან პროექტს Daniel J. Eldman-ისა და Israeli Consult-ის მონაწილეობით, რომელთაც 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საკომუნიკაციო და PR სტრატეგიის განვითარებაში შეიტანეს საკუთარი წვლილი და დაამყარეს ურთიერთობა დასავლური პრესის წარმომადგენლებთან, რომელნიც საქართველოს თემით იყვნენ დაინტერესებულები.

სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ ომამდელ პერიოდში ლობიზმზე გაწეული ხარჯები წლიურად საშუალოდ 250 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს დანახარჯებმა იმატა და 2009-2012 წლებში საშუალოდ 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა ეს რიცხვი ახლოსაც არ არის ივანიშვილის მიერ მრავალჯერ ნახსენებ 16 მილიონ ლართან.

ომის შემდგომ პერიოდში Orion Strategies-თან ერთად სქართველოს ინტერესებს დასავლეთში, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ლობირებდნენ დენიელ ლუის კუნინი, Public Strategies, Glover Park Group, Podesta Group, გრეგორი მანიატის, Gephardst Government Affairs და Prime Pollicy Group.

თითოეული ამ ლობისტთაგანი დაკავებული იყო ამერიკის სენატში აფხაზეთისა და ოსეთის არაღიარების პოლიტიკის საკითხების ლობირებით, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის მისტრალების მიყიდვის შეჩერების საკითხით.

თითქმის ყველა ტიპის კონტაქტი, რომელსაც საქართველო ლობისტების საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ამყარებდა, ეხებოდა რუსულ აგრესიას, სამხედრო სტრატეგიებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე საქართველოს NATO-ს წევრად გახდომის მისწრაფებებს. პირადად მიხეილ სააკაშვილის PR კამპანიით მხოლოდ Daniel J Eldman იყო დაკავებული ვარდების რევოლუციის შემდგომ პრეიოდში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გაცნობა დასავლეთისათვის დიპლომატიურ აუცილებლობას წარმოადგენდა. Eldman-ს საქართველომ გაწეული მომსახურებისათვის 109 500 ამერიკული დოლარი გადაუხადა, მომსახურების გაწევისათვის გაწეული ხარჯების ჩათვლით.

პირადად სააკაშვილს შეხება ლობისტებთან არ ჰქონია. ლობისტური კომპანიების უმეტესობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ეკონტაქტებოდა ეკა ტყეშელაშვილის, ალექსანდრე-კახა ლომაიას და გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით. საქართველოს უშიშროების საბჭოს ლობირების მთავარ თემას კი საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, არაღიარების პოლიტიკა და NATO-ში გაერთიანება წარმოადგენდა.

2012 წლის ბოლოს, როდესაც მთავრობაში ქართული ოცნება მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის სახელზე არ რეგისტრირდება არცერთი ლობისტი, სამაგიეროდ, როგორც ამერიკული გავლენიანი გამოცემა Politico წერს, K Street-ს შტურმით იღებს ივანიშვილი და ქართული ოცნება და 2012-2013 წლებში ივანიშვილი, როგორც პარტიის ლიდერი და შემდგომში საქართველოს კანცელარია 6-ზე მეტ ლობისტურ კომპანიას ქირაობს. განსაკუთრებული აქტივობით წინასაარჩევნო პერიოდში. ივანიშვილმა 2012 წელს ლობისტური კომპანიების მომსახურებაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

K Street - აბრა ვაშინგტონში ფოტო: ჯეი ვესტკოტი / Politico

ივანიშვილის რჩეულ კომპანიებში შედიან:

Patton Boggs, რომელიც მასთან კონტრაქტის დასრულების შემდგომ უკვე საქართველოს კანცელარიასთან აფორმებს კონტრაქტს და 2013 წლის განმავლობაში 1 მილიონ დოლარამდე მომსახურების საფასურს იხდის.

Parry Romani Deconini Symms Associates, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი, სტივენ სიმსი, 1993 წლამდე სენატორი იყო.

National Strategies, რომლის მმართველი დირექტორი პოლ ჯოიალია, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1999-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ლობირებდა ამერიკის სენატში.

Downey McGarth, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი, ტომას დაუნი, ასევე ყოფილი კონგრესმენია. Downey McGarth დაკავებული იყო ამერიკის სენატში საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ანალიტიკის და ციხის კადრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

BGR Gabara და K Global, რომელთაგან BGR Gabara ალასანია-თავისუფალი დემოკრატების PR-ითაც არის დაკავებული. BGR Gabara-ს კონსულტანტები ალასანიას მომსახურების პერიოდში საკუთარ კონტაქტებს იყენებდნენ იმისათვის, რომ მოეხერხებინათ ალასანიასათვის სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრების დანიშვნა. ალასანიას ლობისტების მომსახურება ივანიშვილთან შედარებით მოკრძალებული თანხა, 90 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა.  

საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამერიკული ლობის ჭრილში

K Street ვაშინგტონში ნიუ იორკის Wall Street-ის ანალოგია, ოღონდ ლობისტებისათვის. ყველა გავლენიანი ლობისტური საკონსულტაციო კომპანია ამ ქუჩაზეა თავმოყრილი და მიუხედავად იმისა, რომ კაპიტოლიუმიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საკონსულტაციო ფირმები მაინც ახდენენ გავლენას ამერიკის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდი
ლობიზმის გამოყენება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გავლენის მოხდენისათვის აპრობირებული მეთოდია. ლობისტური კომპანიები წარმოადგენენ საკომუნიკაციო არხს კაპიტოლიუმსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ლობისტური კომპანიების კლიენტების რიცხვში შედიან ადგილობრივი კორპორაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ინიციატივები და საერთაშორისო პოლიტიკური ძალები.

სხვადასხვა დროს იმავე ლობისტების მომსახურებით, რომლითაც საქართველო ან რომელიმე კონკრეტული ქართული პარტია სარგებლობდა (ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი), ასევე სარგებლობდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ქალაქ ლონდონის მერია და ნიგერიის სახელმწიფო აპარატი.

ლობისტურ-საკონსულტაციო კომპანიების გამოყენება, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების კომუნიკაციის საშუალება თეთრ სახლთან, აპრობირებული მეთოდია და ამით მთელი მსოფლიო სარგებლობს.

ვაშინგტონში 176 სხვადასხვა ქვეყნის საელჩოა წარმოდგენილი, რომელიც თითქმის სრულად მოიცავს იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

ლობისტურ კომპანიებს ინფორმაციის მისაღებად ეყრდნობიან კონგრესმენები. ეს არის ეფექტიანი საკომუნიკაციო არხი, რომლის საშუალებითაც მსოფლიო ეკონტაქტება სენატს და კონგრესს.

1995 წლის Lobbying Disclosure Act სპეციალურად ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიების საქმიანობის დასარეგულირებლად და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მიიღო კონგრესმა. ამ აქტის მიხედვით, ყველა ლობისტური კომპანია ვალდებულია დაარეგისტრიროს ლობისტური აქტივობები ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში FARA. FARA-ს მონაცემთა ბაზის ნავიგაციაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიუწვდება ხელი.

საინტერესოა, რომ მონაცემების მიხედვით, თუ რომელი კომპანია რა აქტივობით იყო დაკავებული რომელი დამკვეთის მხრიდან, საერთაშორისო წარმომადგენლების და საელჩოების საგარეო პოლიტიკის კურსის დადგენა შეიძლება, როგორც მინიმუმ, ამერიკასთან მიმართებით.

ამ მხრივ არც საქართველოს მთავრობაა გამონაკლისი.

ადვილი დასანახია, რომ ვარდების რევოლუციამდე საქართველოს ფოკუსი ძირითადად საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციის კომუნიკაციით იყო დაკავებული. ამ პერიოდში კომუნიკაციის მთავარ თემას ქვეყნისათვის დაფინანსების მოძიება წარმოადგენდა, იქნებოდა ეს საქართველოს სახელმწიფოს თუ საქართველოს რკინიგზის მხრიდან, რომლის 100%-საც საქართველოს სახელმწიფო ფლობდა.

1991-2003 წლებში საქართველო ტრანზიციული ეკონომიკისათვის დამახასიათებელი სირთულეების პერიოდში და სამოქალაქო ომის შემდგომ მიღებული ზიანისთვის ცდილობდა, დასავლელი პარტნიორისგან მოეზიდა დაფინანსება, გრძელვადიანი საგარეო ვალი და დახმარება სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებით.

2001 წლის 5-6 მარტს პარიზის კრედიტორთა კლუბმა საქართველოს საგარეო ვალი დაუმტკიცა 58 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. პარიზის კრედიტორთა კლუბში წარმომადგენლების მომზადებაში სახელმწიფოს ლობისტური კომპანია Akin Gump Strauss Hauer & Feld დაეხმარა და კონტრაქტის მიხედვით გასამრჯელოდ 50 000 ამერიკული დოლარი მიიღო. დელეგაციას მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სააკაშვილი და ჯორჯ ბუში საქართველოს პარლამენტის შენობასთან, თბილისი ფოტო: პაბლო მარტინეს მონსივაისი / AP
2004-2007 წლებში საკონსულტაციო კომპანიები, რომელიც სააკაშვილის ადმინისტრაციას ჰყავდა დაქირავებული, კონტაქტებს ამყარებდნენ დასავლურ პრესასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრესა უპირობოდ ბეჭდავს იმას, რის დაკვეთასაც ლობისტური კომპანიები აძლევენ. ამ შემთხვევაში საკონსულტაციო კომპანია გამოდის, როგორც შუამავალი პრესასა და სახელმწიფოს შორის. მათი ძირითადი ვაჭრობის საგანიც სწორედ ეს არის. „ჩვენ ვყიდით წვდომას და კონტაქტებს“, - ამბობს სუპერლობისტად წოდებული ჯეკ აბრამოვი.  

მაგალითისთვის, სააკაშვილის ადმინისტრაციის ლობისტები ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის, როგორც რესპონდენტის შეთავაზებას რეიტინგული შოუსათვის 60 წუთი, თუმცა ეს მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა. ამიტომაც არის, რომ ლობისტური კომპანიების შემოსავლის უმეტესი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული retainer, ანუ წინასწარი გადახდის თანხა, რომელიც ლობისტის წარმატებაზე არ არის დამოკიდებული, არამდე უბრალოდ იხდი, რომ ამ უკანასკნელმა შენი სახელით დაიწყოს მოძიება და ანალიზი იმ ხალხისა, რომელთაც შეუძლიათ საქართველოს საკითხები წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მოსმენებზე გაიტანონ. შემდეგ უკვე შედეგი თავად კონგრესმენსა და სწორად ფორმულირებულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. დიდია თავად იმ ქვეყნის როლიც, რომელიც ლობისტს ქირაობს. ანუ, ლობისტური კომპანიის პირდაპირ მოვალეობაში არ შედის ქვეყნისათვის საგარეო პრიორიტეტების ფორმირება, არამედ ამ პრიორიტეტების კომუნიკაცია სენატისა და კონგრესის იმ წევრებისათვის, რომელთაც ისინი იცნობენ, ეკონტაქტებიან და იციან, რომ ისინი დაინტერესდებიან ამა თუ იმ საკითხით.

იქიდან გამომდინარე, რომ ლობისტისთვის აუცილებელია კაპიტოლიუმის ცნობა, კონგრესმენებისა და სენატორების პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი ადამიანების მოძიება, K Street-ზე უმეტესწილად კაპიტოლიუმის ყოფილი თანამშრომლები მუშაობენ. კაპიტოლიუმიდან K Street-მდე კარგად გათელილი ბილიკია გადებული და ეს პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მრავალი წელია მუშაობს.

ომის შემდგომ პერიოდში სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ ლობისტების რიცხვის გაზრდა, რასაც ანაზღაურების მატებაც მოჰყვა, რეგიონში უკიდურესად დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია.

FARA-ს მონაცემთა ბაზაში, სადაც გაწერილია სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული ლობისტების თითოეული ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა თუ შეხვედრა, ცხადად ჩანს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები.

აქტიური კომუნიკაცია ხდება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული აგრესიის, აფხაზეთის და ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკისა და NATO-ში გაწევრიანებისაკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. ანუ საქართველოს მთავარი ფოკუსი საგარეო ფრონტზე არის თავდაცვის საკითხები და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა.

უკვე 2010 წელს სააკაშვილის ადმინისტრაცია აქტიურად ახდენდა საკუთარი პოზიციის კომუნიკაციას დასავლეთისათვის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად, მათი ლობისტები აქტიურად ეკონტაქტებდონენ როგორც სენატს, ასევე გავლენიან გამოცემებს, როგორიცაა: New York times, Washington Post, Newsweek, ა.შ.; სხვადასხვა ინსტიტუტებსა და Think Tank-ებს, რომელნიც სამხრეთ კავკასიის თემებზე მუშაობდნენ.

გარდა ამისა, სააკაშვილის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან, რამაც შედეგად ის გამოიღო, რომ ათასწლეულის გამოწვევების ფონდის ჩამოყალიბება მოხდა საქართველოში. ეს ფონდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აფილირებით შეიქმნა და კურირებდა პროექტებს განათლებასთან დაკავშირებით. აფინანსებს პროექტებს, რომელიც პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებას ემსახურება, რაც შემდგომში კვალიფიციურ კადრებს გაზრდის ბაზარზე. დღევანდელი მდგომარეობით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია.

2010 წელს, როდესაც ფონდზე მუშაობა მიდიოდა, სააკაშვილის ადმინისტრაციას Gephardt Government Affairs უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას და ახდენდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან კონტაქტის ფასილიტაციას.

Gephardt Government Affairs ასევე კონსულტაციას უწევდა ქართულ მხარეს ატომური ენერგიის პოლიტიკის შემუშავებაში.

ფოტო: Reuters
2012 წელს, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლის არჩევნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იქცა ლობისტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზრუნავად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის აპარატი, კერძოდ კი, ეროვნული უშიშროების საბჭო კვლავ ხელისუფლებაში რჩებოდა, მათ რჩებოდათ რიგი საკითხებისა, რომლისთვისაც ასევე უნდა მიექციათ ყურადღება, მათ შორის, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკისათვის რუსეთთან მიმართებით.

ბიძინა ივანიშვილის ლობისტური აქტივობები კი თითქმის მთლიანად მიმართული იყო საქართველოს შიდა პოლიტიკის და საარჩევნო კლიმატის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ და კონგრესში ამის შესახებ ლობირებისკენ. ივანიშვილის ლობისტები აკეთებდნენ წინასაარჩევნო სიტუაციის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ანალიზს, რომელსაც შემდეგ წარადგენდნენ სენატორებსა და კონგრესმენებთან, რომელთანაც მათი ლობისტები მოახერხებდნენ და შეხვედრას დანიშნავდნენ. სენატორების რიცხვში შედის ჯონ მაკკეინიც, რომელიც აქტიურად ურთიერთობდა სააკაშვილის ადმინისტრაციასთანაც.

პრინციპული ცვლილება პალატის წარმომადგენლების მხრივ, რომელსაც ივანიშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაცია ეკონტაქტებოდნენ, არ ყოფილა. ეს გარკვეულწილად იმითია განპირობებული, რომ არსებობს კონგრესმენთა შეზღუდული რიცხვი, რომელთაც ესმით და აღელვებთ კავკასიის რეგიონი და აქ განვითარებული მოვლენები და რომელნიც საგარეო პოლიტიკაზე არიან ფოკუსირებულნი. კონგრესის ყურადღების ძირითადი ნაწილი მაინც შიდა პოლიტიკის წარმოებისკენ არის მიმართული. ასე რომ, წვდომა, რომელიც ჰქონდა სააკაშვილის ადმინისტრაციას, წარმოდგენილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ, ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას და შემდგომში უკვე ივანიშვილის მთავრობასაც. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ სააკაშვილის ლობის დამსახურებაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კრიტიკულ წერილებს აქვეყნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, 2013 წლის ბოლოს მონაცემებით, სააკაშვილის სახელზე უკვე არცერთი ლობისტური საკონსულტაციო კომპანია არ არის რეგისტრირებული. ასეც რომ იყოს, ამ კომპანიების მომსახურება საკმაოდ მსხვილი თანხები ჯდება და ლოგიკურია, რომ ფორბსის სიაში მყოფი მილიარდერი, რომელმაც 2012 წლის მხოლოდ მეორე ნახევარში, მხოლოდი ერთ კომპანიის მომსახურებაზე (Patton Boggs) 3.8 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, უფრო პროაქტიულად შეძლებდა საკუთარი ინტერესების ლობირებას, ვიდრე ეროვნული უშიშროების საბჭო გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით - რომელსაც, როგორც თავად ივანიშვილმა განაცხადა, მოთხოვნილი თანხის (მისივე თქმით, 16 მილიონი ლარის) მხოლოდ 7% დაუმტკიცდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტად, რაც დაახლოებით 1.1 მილიონი ლარია, საიდანაც უშიშროების საბჭომ ხელფასებიც უნდა გასცეს, საკუთარი თავიც დაიფინანსოს და ლობისტების სერვისებიც იყიდოს. ამ კომპანიებში საათობრივი ხელფასები კონსულტანტებისათვის საათში 1000 დოლარს აღწევს.

ლობისტური კომპანიების ერთ-ერთ აქტივობას ასევე წარმოადგენს სენატორებისა და სხვადასხვა კანდიდატებისათვის კონტრიბუციების გაკეთება. აქაც, სააკაშვილის მთავრობასა და ივანიშვილის ლობისტების მიერ არჩეულ კანდიდატებში ბევრი ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, მით რომნი უკეთესი ამერიკისთვის. ანუ ამ კონტრიბუციებით ლობისტები ახალ კონტაქტებს იძენენ და პრივილეგიას იბევებენ შემდგომში სენატში და კონგრესში სასურველი კონტაქტების დასამყარებლად.

ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლობისტი, Patton Boggs, აქტიურ კონტაქტს ამყარებდა კონგრესმენების - პოლის, შაჰინის, შუსტერის სტაფერებთან. ეს სახელები საინტერესოა, რადგან ივანიშვილის სახელმწიფოს სათავეში მოსვლამდე ამ ხალხს ჯერ ტყეშელაშვილის, შემდეგ კი ბოკერიას ხელმძღვანელობით ეროვნული უშიშროების საბჭოც ეკონტაქტებოდა, ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო (ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართულობა).

ივანიშვილის ლობისტები 2011-2012 წელს მთლიანად გადართულნი იყვნენ წინასაარჩევნო კლიმატის ანალიზსა და სააკაშვილის მთავრობის დისკრედიტაციაზე. ისინი აქტიურად ეკონტაქტებოდნენ იმავე გავლენიან გამოცემებს, რომელთაც მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია: Wall Street Journal, New York Times, Washington Post, Washington Times, the Hill, Foreign Policy, Time Magazine. Patton Boggs ერთ-ერთი წამყვანი ლობისტები არიან K Street-ზე, შესაბამისად, წვდომაც საკმაოდ ფართო ჰქონდათ.

ისინი ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიმოწერაში სვანტე კორნელთან, რომელმაც 2013 წელს საქართელოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკმაოდ კრიტიკული კვლევა გამოაქვეყნა. სვანტე კორნელი პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარია ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მან ამ კვლევაში ივანიშვილის მთავრობის მიერ სააკაშვილის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, ქართული ოცნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს კი - ჩამოუყალიბებელი. ასე რომ, ლობისტებზე ფულის დახარჯვა არ არის გავლენის პირდაპირპროპორციული. ეს იძლევა მხოლოდ საკომუნიკაციო არხს, დანარჩენი უკვე სხვა ასპექტებზეა დამოკიდებული.

ივანიშვილის ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ვაშინგტონ პოსტთან წერილის გამოქვეყნების შემდეგაც, 2013 წლის 4 ივნისს, თუმცა ვაშინგტონ პოსტს უკან წაეღოს თავისი სიტყვები, ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა.

ტაბულასთან ინტერვიუში ყოფილმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ, განაცხადა, რომ საკუთარი გამოცდილებიდან (ადრეული 90-იანებიდან პოლიტიკაშია) იცის, რომ გავლენის მოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ რაღაც დონეზე და ეს ნამდვილად არ ეხება ისეთ გავლენიან გამოცემას, როგორიც არის ვაშინგტონ პოსტი. პოსტის ჟურნალისტებზე გავლენის მოხდენა თავის დროზე სუპერლობისტად წოდებულმა ჯეკ აბრამოვმაც კი ვერ მოახდინა, არათუ ერთი პატარა სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ეს უწყება ლობიზმზე საერთოდ აღარ ხარჯავდა თანხას (დოკუმენტირებულად ყოველ შემთხვევაში).

საქართველოს შიდა პოლიტიკა, საარჩევნო გარემო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მიყენებული ზარალი ივანიშვილის ლობისტების მთავარ სამუშაო თემას წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკაზე აპელირება ნაკლებად ხდება. გავლენიან მედიაგამოცემებთანაც სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა BGR Gabara-ს მიერ, რომელიც ივანიშვილსა და ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენდა.

ივანიშვილის ლობისტები ასევე ეკონტაქტებოდნენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის NDI და IRI, ჰქონდათ შეხვედრა ლუის ნავაროსთანაც.

სიცრუეში გვაცხოვრებ(დნ)ენ (?)

ბიძინა ივანიშვილი ფოტო: REUTERS
New Yotk Times-მა ივანიშვილის შესახებ სტატიაში ივანიშვილის ციტატა მოიყვანა  ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით, სადაც ის აცხადებს, რომ თავს უფლება მისცა ლობისტური კომპანიები დაექირავებინა, რადგან უნდოდა საერთაშორისო საზოგადოებისათვის რეალური სურათი დაენახვებინა.

ივანიშვილს ემსახურებოდა 6-ზე მეტი ლობისტური კომპანია, რომელსაც საბოლოო ჯამში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. მისივე ლოგიკას თუ დავეყრდნობით და წლების მანძილზე სააკაშვილი დასავლურ გავლენას ყოდულობდა, თავად მასაც არ უნდა გასჭირვებოდა ამ გავლენის ყიდვა, როდესაც ბიუჯეტი ბევრად დიდი ჰქონდა და სახელმწიფოსგან განსხვავებით ბევრად თვისუფლად დახარჯავდა საჭირო თანხებს. მაგრამ როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ცხადად ჩანს, გავლენის ყიდვა, როგორც ასეთი, არც ისე ადვილია, მით უმეტეს გავლენიანი გამოცემებისგან და საელმწიფო დეპარტამენტისგან. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თითო ლობისტურ კომპანიაში ივანიშვილს საშუალოდ 5-7 კონსულტანტი ემსახურებოდა, რომელნიც ვაშინგტონში საკმაოდ დიდი საკონტაქტო პორფელების მფლობელნი არიან.

გარდა ამისა, ლობისტური კომპანიების და მათ მიერ განხორციელებული სერვისების ანალიზით ადვილად ირკვევა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო, ჯერ ეკა ტყეშელაშვილის, შემდგომ კი გიგა ბოკერიას ხელმძღანელობით, სააკაშვილის PR-ზე კი არა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე იყო ორიენტირებული ისეთ საკითხებში, როგორიც არის რუსეთის ოკუპაცია, მისტრალების გაყიდვა, NATO-ს წევრობა, ათასწლეულის გამოწვევები, ა.შ. Wall Street Journal-ში დაბეჭდილი გიორგი კანდელაკის წერილიც სააკაშვილს კი არ ეძღვნება, არამედ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს.

რაც შეეხება ივანიშვილის ლობისტებს, მათი მთავარი მიმართულება შიდა პოლიტიკური იყო და საქართველოში დემოკრატიული ისნტიტუტების გამყარებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეძღვნებოდა. ნაწილობრივ ამან შედეგი გამოიღო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გაფაციცებით ადევნებდა თვალს საქართველოში არჩევნების ჩატარების სამართლიანობას.

2013 წელს, როდესაც მაია ფანჯიკიძე თედო ჯაფარიძის თანხლებით ვაშინგტონში იმყოფებოდა, მათ ასევე შეეძლოთ გავლენის სფეროს გამოყენება და“სიტუაციის გარკვევა“, როგორც ამას ივანიშვილი ამბობდა, მით უფრო, რომ ჯაფარიძეს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ლობისტებთან ურთიერთობის და ივანიშვილის ლობისტების ნაწილი (პოლ ჯოიალი National Strategies, Harbour Group) უკვე თანამშრომლობდა მასთან ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს.

ფაქტია, რომ გავლენის მოსყიდვა არც ისე ადვილია. ასე რომ იყოს, ივანიშვილს ბევრად ადვილად უნდა შეძლებოდა დასავლეთის მომხრობა და კრიტიკისათვის თავის არიდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები