მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი პრინციპი ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საკითხზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას აკრიტიკებს.

„პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ საქართველო მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას და უნდა მოახდინოს ფოკუსირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე რადიკალურად ცვლის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას. საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას, ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე“, – წერს სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სააკაშვილის თქმით, სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს საქართველოსთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი კი იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში საქართველოს უჭერდა მხარს.

„დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა. "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”-ს პრინციპით მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - წერს სააკაშვილი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა: "ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საკითხებს, საქართველოს მხარეს და რუსეთის მხარეს, ამაში საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ".

ტელეკომპანია იმედის გადაცემა პოლიტიკის დროს წამყვანმა პრემიერს ჰკითხა - "ბოინგ 777-ის ტრაგედიის შემდეგ, კიდევ რჩება რაიმე რესურსი, რომ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შედგეს?", რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საზარელი ფაქტი მოხდა, მაგრამ "ჩვენ ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ". ირაკლი ღარიბაშვილის აზრითვე, "ისინი, ვინც ცდილობენ რუსეთ-საქართველოს დაბალანსებული, ნორმალიზებული ურთიერთობის ხელახლა არევას, ისინი არიან ქვეყნის მტრები".

კომენტარები