საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: უელსის სამიტზე საქართველო და უკრაინა "ტანდემში" უნდა წარსდგნენ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, NATO-ს უელსის სამიტზე იგი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას და უკრაინასთან შეთანხმებული პოზიციით გამოსვლას გეგმავს.

"ერთ-ერთ პირველი შეხვედრა მე მექნება პეტრო პოროშენკოსთან. მნიშვნელოვანია, რომ უელსის სამიტზე საქართველო და უკრაინა გამოდიოდეს ერთიანი საკითხების გადაწყვეტის იმედით და ლოგიკით და ეს იყოს ტანდები, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების და სხვა ლიდერების წინაშე დააყენებს არსებული პრობლემების კონსტრუქციული გადაჭრის საკითხებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის ეთერში.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უელსის სამიტისგან ელოდება „ადეკვატურ რეაგირებას იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით და ჩვენი ქვეყნის გარეთ".

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები თავდაცვის სისტემაში, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში დასავლელი პარტნიორების გვერდით.
"ჩვენ ვუყურებთ ამ ვითარებას იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა და ამ სამიტზე ჩვენ მივდივართ უაღრესად დარწმუნებულები", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სამიტიდან საქართველო გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს ელოდება, რა იქნება ის, რასაც ამ პაკეტით გვთავაზობენ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტულ მომენტში NATO-ს წევრი ქვეყანა გავხდებით.

"ის, რომ ამ ეტაპზე არ არის MAP-ზე საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწევრიანება დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჩვენ მივდივართ ამ სამიტზე დიდი გაწეული სამუშაოს ფონზე, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად ალიანსი არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შედგება ბევრი სამხედრო მოთამაშისგან და რომლის წინაშეც დგას კონკრეტული პოლიტიკური გეოპოლიტიკური ამოცანები და სირთულეები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"MAP-მდე და MAP-ის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მეტი უსაფრთხოების გარანტიები, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო NATO-ს სამიტის შემდეგ იქნება უფრო დაცული.

მარგველაშვილის თქმით, სამიტზე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ასევე არაწევრი ქვეყნების ლიდერებთან.

კომენტარები