უელსის სამიტი

ალასანია: NATO-ს სამიტი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე კონცენტრირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, NATO-ს მოახლოებული სამიტი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე იქნება კონცენტრირებული, მათ შორის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრისვე თქმით, იგეგმება „გარკვეული ნაბიჯების გადადგმა", რათა საქართველოს საკუთარი ტერიტორიისა და საზოგადოების დაცვისთვის ადეკვატური შესაძლებლობები მიეცეს:

"მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნების, ისე ამ შემთხვევაში საქართველოსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატური იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის", - ამბობს ალასანია.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსის სამიტზე დასასწრებად დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფება. უელსში NATO-ს სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები