სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის სანქციები ხვალიდან ამოქმედდება, რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში ხვალიდან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ შევა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ წერილშია ნათქვამი. საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას სანქციების ამოქმედების შესახებ დღეს, რთული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

ევროკავშირის ცნობით, შეიზღუდება წამყვანი რუსული ბანკების აქციების გაყიდვა და მათი დაკრედიტება. გარდა ამისა, ევროპულ კომპანიებს რუსეთში ნავთობის საბადოების დაზვერვაში და დამუშავებაში მონაწილეობა აეკრძალებათ. რუსეთის ცხრა საწარმოს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყდება. პერსონალური სანქციები კიდევ 24 რუს მოხელეს დაუწესდება. 

ცნობებმა სანქციების შესაძლო გამკაცრების შესახებ რუსულ ვალუტაზე კვლავ უარყოფითად იმოქმედა. რუბლი დღეს  რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა და დოლართან მიმართებით მისმა კურსმა 37.57 შეადგინა. დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ ახალი დასავლური სანქციების საპასუხოდ მოსკოვმა შესაძლოა ქვეყანაში უცხოური საქონლის, მათ შორის, ავტომობილების იმპორტი შეზღუდოს.  

კომენტარები