ბიძინა ივანიშვილი

რა უნდა ბიძინა ივანიშვილს

ზურაბ ჭიაბერაშვილი
0 კომენტარი

ფრაზით „გააჩნია, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს" ხშირად მთავრდება ძალიან ბევრი დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა მიზნებითა და ამოცანებით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ამ კითხვაზე პასუხის ჩემეული ვერსია ასეთია:

  • რაც შეიძლება დაშლილი და დაქუცმაცებული პოლიტიკური სპექტრი, რომლის ყოველი ცალკეული ნაწილი ოლიგაქრის კეთილ-, უფრო სწორად კი, ჯიბეგანწყობაზეა დამოკიდებული;
  • ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს არა ხალხისათვის გაწეული სამსახურით, არამედ ოლიგარქისათვის რაც შეიძლება კომფორტული გარემოს უზრუნველყოფით;
  • ინერტული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც სუსტდებიან რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობის გამო;
  • ზრდაშეჩერებული ეკონომიკა, რომელიც ჯერჯერობით აუდის „თავისუფლად-სუნთქვას-მინებებულთა" დღევანდელ მოთხოვნებს, მაგრამ ვერასგზით გასწვდება ხვალინდელს;
  • დაბნეული საზოგადოება, რომელსაც წინა ხელისუფლების ჰიპერაქტიულობა, შესაძლოა, აღიზიანებდა, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლების პირობებში დაჭაობების საფრთხეს ინტუიციურად ნამდვილად გრძნობს.

მთავარი აქ ისაა, რომ ოლიგარქს არ უყვარს, აშინებს, აშფოთებს ძლიერი ხელისუფლება ძლიერი ინსტიტუტებით. ასეთი არც პუტინს მოსწონს თავის სამეზობლოში. არც „კრიმინალურ ავტორიტეტებს". არც კორუფციას მოწყურებულ შევარდნაძისდროინდელ პოლიტიკურ ელიტას. არც იმათ, ვისაც კანონის უზენაესობა საკუთარი თვისუფლების შეზღუდვად ესმის.

მათთვის იდეალური ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ყველა თავისთვის არსებობს და ერთმანეთის სამოქმედო სივრცეში ან საერთოდ არ იჭრება, ან თუ იჭრება, ურთიერთობები „პო პანიაწიამ" ლაგდება და არა კანონის შესაბამისად.

საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელმაც მკაფიოდ იცის, რა უნდა 2003-2012 წლების ხელისუფლებასთან მიმართებით, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო კურსი უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, მთავრობა წარმოადგენს არა ერთიან გუნდს, სადაც ყველა სფეროზე ყველას პასუხისმგებლობა ვრცელდება, არამედ საფეოდალოებად დაშლილ სივრცეს, სადაც ყველა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე ფიქრობს. და კიდევ იმაზე, რას ფიქრობს მასზე ოლიგარქი, როცა ეს უკანასკნელი მას ტელევიზიის ეკრანზე ხედავს.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სულ უფრო და უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით (არჩევნებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი და 2012 წლის 1-ლ ოქტომბერთან შედარებით 600,000-ზე ნაკლები ამომრჩეველი ხელისუფლებაში ყოფნის წელიწად-ნახევრის თავზე ამის ნათელი დადასტურებაა) და სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ქვეყნის გარეთ (საქართველოს მეგობრებისთვის სულ უფრო გაუგებარი ხდება, რას ნიშნავს რეგიონებოკუპირებული ქვეყნის პრემიერმინისტრის რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ).

ძირითადი პოლიტიკური პარტიების (კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების) სტატუსი მოიპოვა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა საქართველომ და ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსმა. პროკურატურა სულ უფრო აქტიურად იყენებს „კრიმინალური ავტორიტეტების" ჩვენებებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებულ, „სამართლიანობის აღდგენად" წოდებულ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე. რეზო ამაშუკელის სიძულვილის ენამ ასავალ-დასავალის ფურცლებიდან სოციალური ქსელების ვიდეობლოგებში გადმოინაცვლა.

პოლიტიკურად დავუბრუნდით 2003 წლის მდგომარეობას არაკომპეტენტური, უუნარო, ჯერ კიდევ არასაკმარისად ხილულად კორუმპირებული მთავრობით და შავრაზმული იდეოლოგიის მატარებელი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლით. რაც ხელს გვიშლის, აღვიქვათ ეს უკუსვლა, „9 წლის" განმავლობაში აწყობილი და დღეს ინერციით მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტები (მაგალითად, იუსტიციის სახლი) და საზოგადოებრივი სერვისებია (მაგალითად, ელექტროენერგია).

როდესაც ხელისუფლება ამბიციურ მიზნებს სახავს (ასეთი იყო სწორედ წინა ხელისუფლება) და, ვთქვათ, სურს უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, საზოგადოებაში ბუნებრივი კითხვები ჩნდება. „მე და ჩემს ოჯახს აქედან რა სარგებელი გველის?" - იკითხავს ერთი და სრულიად სამართლიანად. მეორეს საზოგადოების საერთო მიზნისათვის ერთ ფერხულში ჩაბმა გააღიზიანებს და ყოველი მასშტაბური პროექტის მიღმა „ნეოკომკავშირლობის" ელემენტს ამოიკითხავს. მესამეს კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად განხორციელებული ქმედებები არ მოეწონება.

დავეთანხმები აზრს, რომ დღევანდელი (არაამბიციური - ზ.ჭ.) ხელისუფლება საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად აღიზიანებს, ოღონდ იმ პირობით, თუ დენი არის, კრიმინალის დონე დაბალია და პენსია გაიცემა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა ზედგამოჭრილია იმ პირობებისათვის, თუ საზოგადოებას თავად არ აქვს მოთხოვნილება უფრო მეტსა და უფრო უკეთესზე.
„გაგებით მოკიდების" ეს სახელმწიფო პოლიტიკა ამ „თუ"-ზე დგას. მაგრამ თუ ბიუჯეტი ირღვევა? თუ კრიმინალი იმატებს? თუ სახელმწიფო ინსტიტუტების არაადეკვატური ქცევა („მილიციური რეიდები" თუ რეცეპტის გაუაზრებელი, უგუნური და არაკვალიფიციური „რეფორმა") ყოველგვარ ზღვარს სცილდება? თუ სამუშაო ადგილები მცირდება? თუ ინფლაცია ჯიბეზე გვირტყამს?
მთავარია, რომ სახელმწიფო აღარ მაწუხებს თავისი ამბიციური გეგმებით, საზოგადოებისაგან (და ჩემგანაც) აღარ ითხოვს საერთო ძალისხმევაში ჩაბმას - ასეთია ანტიმიშისტის თავისუფლად სუნთქვის კლასიკური „მორალი". როგორც ივანიშვილმა უთხრა სააკაშვილს, „ხელისუფლება აცდის ხალხს, იცხოვროს თავისი ცხოვრებით".

ორწლიანი „შესვენება" 9-წლიანი „სირბილის" შემდეგ ცუდი ნამდვილად არაა იმ პირობით, რომ ქვეყანა განვითარებას აგრძელებს. ზემოაღწერილი ვითარების ფონზე იმის პროგნოზირება, რომ ქვეყანა სწრაფ განვითარებას გააგრძელებს, ძალიან ძნელია. მაშ, რა რეაქციას უნდა ველოდოთ საზოგადოებისაგან?

საზოგადოებაში ახალ ხელისუფლებაზე მოთხოვნა 2 შემთხვევაში ჩნდება:

  • ან ეკონომიკური ვარდნა უნდა იყოს ძალიან საგრძნობი, რომ საზოგადოება აღელდეს,
  • ან ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს ძალიან სწრაფი, რომ საზოგადოებამ პოლიტიკაშიც თვისებრივი ნახტომი გააკეთოს.

რასაც ოლიგარქი და მისი მთავრობა ესწრაფვის, არსებული სიტუაციის შენარჩუნებაა (სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია). მაგრამ სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ეროზია უკვე ძალიან სწრაფად ხდება და ეს, ერთი მხრივ, კრიმინალის მატებასა და „მილიციური რეიდების" უგუნურებაზე საზოგადოების მძაფრი რეაქციით დადასტურდა, მეორე მხრივ, NDI-ის კვლევებშიც გამოჩნდა პოლიციისადმი საზოგადოებრივი ნდობის საგანგაშო, ერთბაშად 10%-იანი შემცირებით.

ამ ვითარებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ „წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში გატარებულ რეფორმების" შექება და რეფორმების გაგრძელების მოწოდება სულ უფრო იცვლება კრიტიკული განცხადებებით. სულ უფრო გაუგებარი ხდება, კონკრეტულად რა სფეროში რა რეფორმა ტარდება, რადგან ასეთი, უბრალოდ, ან არ არსებობს, ან ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტი აქვს (ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისათვის სავიზო რეჟიმის გართულება ამის ნათელი მაგალითია).

ამ ვითარებაში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც ცოტა გული დაიმშვიდა, რომ „სახელმწიფო მანქანა აღარაა რეპრესიული", ხოლო „სისტემა - დასანგრევი", სულ უფრო უჭირს ხელისუფლების კონსტრუქციული კრიტიკის ჩარჩოებში დარჩენა, რადგან მის თვალწინ ქართული ოცნების აქტივისტები მედრესეს კარზე ღორის თავს აკრავენ.

ამ ვითარებაში ბიზნესი, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე „თავისუფლად სუნთქვის" შესახებ გულისამაჩუყებელ სტატუსებს წერდა, გულში მაინც ამბობს, რომ „ნაციონალების" დროს რეალური მოგება და ბიზნესის განვითარება მეტი იყო. საზოგადოებას უკვე უჭირს, გაიგოს, როგორ არის შესაძლებელი, რომ „თავისუფლად სუნთქვის" პირობებში ბიზნესი უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე მაშინ, როდესაც, ოლიგარქის თქმით, „ეკონომიკა ხელოვნურად იზრდებოდა" და „ნაციონალები საერთაშორისო რეიტინგებს აყალბებდნენ".

ამ ვითარებაში ინტელექტუალურ-მორალისტური ელიტისთვის ხელისუფლების არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები იმდენად შემაწუხებელი ხდება, რომ თავისა და სინდისის დამშვიდებას ჩვენი საზოგადოების მანკიერებებზე ვრცელი ფბ-დისკუსიები აღარ ყოფნის. თან საზოგადოების მანკიერებებზე რიტორიკას რუსი ოლიგარქი ეპატრონება და ამ მიმართულებით არგუმენტების თქმა უკვე, უბრალოდ, „ტეხავს".

ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი „გაგების პოლიტიკას" სერიოზული ბზარები უჩნდება. და რაც უფრო სუსტდება ივანიშვილის რეჟიმი, მით უფრო დაუფარავი ხდება ერთადერთი ოპოზიციური ძალის სრული განადგურების, სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის მოპოვების, თავისუფალი მედიის ლიდერის ხელში ჩაგდების ღია, აშკარა და დაუფარავი სურვილი.
ჩვენი საზოგადოების ზემოჩამოთვლილი ჯგუფების ნუგეში შეიძლება ის იყოს, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა პოლიტიკურ სცენაზე რჩება (მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავგანწირვისა და ძალისხმევის შედეგად), სასამართლო იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგჯერ პრინციპულობასა და კანონისადმი ერთგულებას იჩენს, ხოლო რუსთავი 2 ჯერჯერობით დამოუკიდებელია. მაგრამ თავის დამშვიდება ძალიან სახიფათოა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას დემოკრატიული წესებით თამაშის არც სურვილი და არც უნარი არ ეტყობა.

წერილში „1-ლი ოქტომბრის არჩევნების პოზიტიური შედეგები" 2013 წლის 7 მარტს ვწერდი: „სამწუხაროდ, არც დამოუკიდებელი სასამართლოს, არც პლურალისტული მედიისა და არც ძლიერი ოპოზიციის არსებობა სამომავლოდ საქართველოში გარანტირებული არაა და მათი დღევანდელი არსებობა ჯერჯერობით არ გამოდგება დასაიმედებლად, რომ ისინი შეაკავებენ ქვეყანაში ისეთ ტენდენციებს, რაც არ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს. ამ ინსტიტუტების არსებობა დღეს უფრო შანსია, რომელიც ნათლად 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა".

ფაქტია, რომ დღეს ეს შანსი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, თითქმის გაიფლანგა, ხოლო საქართველო მოწინავე რეფორმატორის რანგიდან სხვისი დახმარების მოლოდინში თავჩაღუნული ქვეყნის როლში გადადის.

იმედად კი კვლავ ის რჩება, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ძალიან ამბიციური, პროგრესსა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადამიანების ქვეყანაა და, მეორე მხრივ, ძალიან საკვანძო რეგიონული მდებარეობა აქვს საიმისოდ, რათა მისმა მოქალაქეებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხელებჩამოშვებულებმა უცადონ მის უკუსვლას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები