კრიმინალური ავტორიტეტები

ენმ: კრიმინალური ავტორიტეტები შსს-ს "ქვეყნიდან გაპარების სერვისით" სარგებლობენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში დეპორტირებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს ქვეყნიდან აპარებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ კრიმინალური ავტორიტეტების ქვეყნიდან გასვლის კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ისაუბრა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის ძე ლოგუა, მეტსახელად „ლექსო ლელი“, ლექსო გალსკი, 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში, როდესაც ის რეგისტრირდებოდა მინსკი-სტამბულის რეისზე, გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში. დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, აგვისტოს თვეში, საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს. იქ ასევე იმყოფებოდა ე.წ. ცანციკა, რომელიც შსს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, მშვიდად ცხოვრობს დღეს სენაკში და არ არის აქტიური. ასევე, მისი სიძე - მახარე გვარამია, იგივე მაცი. სწორედ ასეთ შეკრებებზე ხდება დალაგება ციხეებში არსებული სიტუაციების. ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ უკვე მეორედ ახორციელებს ერთსა და იმავე მოგზაურობას. პირველად 2013 წლის 13 აგვისტოს იქნა დეპორტირებული საქართველოში, მეორედ 2014-ში გადაიყვანეს თურქეთში. შეიძლება ვთქვათ, რომ შეგნებულად მიჰყავს სიტუაცია საქართველოში დეპორტამდე, იმისათვის, რომ ქართული პოლიციის დახმარებით, მშვიდად გადავიდეს თურქეთში. შემდეგ ბრუნდება რუსეთში და ისევ ერთსა და იმავე წრეს აკეთებს", - აცხადებს თარგამაძე და აღნიშნავს, რომ შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ქმედება შსს-ს მფარველობისა და დახმარების გარეშე.

"ამას ადასტურებს უკანასკნელი შემთხვევა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფების, ლავას ოღლის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ავთანდილ ამირანის ძე ლუტიძე, მეტსახელად ლუტია ქუთაისი, თურქეთიდან იქნა დეპორტირებული. ამ შემთხვევაში და აქაც ისარგებლა შსს-ს სერვისით. ის შემოვიდა საქართველოში სარფის საბაჟოდან 2014 წლის 5 სექტემბერს 22:36 წუთზე, ხოლო 2014 წლის 6 სექტემბერს, 21:29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდის გამოყენებით და გადავიდა აზერბაიჯანში. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა არც მეტი არც ნაკლები, ახალი გამზადებული პასპორტით, შსს-ს სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. ასეთი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სერვისის განხორციელება, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ ამაზე არსებობს დასტური პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისგან, შემდეგ ჰაკიმ ფაშასგან და ეს არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ნაწილი. ქურდების მიერ კრიმინალური სიტუაციის გაკონტროლების და ციხეების გაკონტროლების მცდელობა უდავოდ მიიყვანს ქვეყანას კატასტროფამდე. ჩვენ ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, რომ ასეთი მართვის სისტემა ანგრევს სახელმწიფოს - ერთხელ უკვე დაანგრია და ახლა ჩვენ მივდივართ ისევ იქ", - აღნიშნა თარგამაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს გამოძიება დიმიტრი დარბაისელის მიმართ.

"დიმიტრი დარბაისელი, რომელიც გაეხვა ყველაზე სკანდალურ პრემიების სიტუაციაში, მაშინ ჩამოაცილეს დეპარტამენტს, დღეს კი, ის უკვე დაინიშნა ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილედ შსს-ში. ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო ღრმად მიაქანებს ქვეყანას კრიმინალების ბატონობის ხანაში, ჩვენ ჩვენის მხრივ ამას არ დავუშვებთ, შევებრძოლებით, ჩვენ ვიქნებით ის ბოლო ფორპოსტი, რომელიც წინ აღუდგება მათ გაბატონებას ხელმეორედ ამ ქვეყანაში", - განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ენმ სახელმწიფოს მიერ კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაზე საუბრობს. 26 ივნისს, მათ განაცხადეს, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენი) ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით, აეროპორტიდან გააპარეს. ამასთან, 17 სექტემბერს გივი თარგამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სენაკში დააკავოს ე.წ. კანონიერი ქურდი - ფრიდონ ბარკალაია, მეტსახელად "ცანციკა". თუმცა, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა. ნინო გიორგობიანის თქმით, ფრიდონ ბარკალაია 77 წლის არის და სენაკში ცხოვრობს. 

"ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონიერი ქურდი - ზედმეტსახელად "ცანციკა" ანუ ფრიდონ ბარკალაია სენაკში იმყოფება და მოგვიწოდა, რომ დავაკავოთ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული პირი არ არის კანონიერი ქურდი. ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრება სენაკში ცხოვრობს. რატომ შეჰყავს შეცდომაში დეპუტატს მოსახლეობა პარლამენტის ტრიბუნიდან?", - თქვა გიორგობიანმა. 

კომენტარები