კრიმინალური ავტორიტეტები

ენმ: გაუგებარია, რატომ იქცა გიორგობიანი კრიმინალური ავტორიტეტების დამცველად

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის გაუგებარია, "რატომ იქცა შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კრიმინალური ავტორიტეტების მთავარ დამცველად". ენმ ნინო გიორგობიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ავთანდილ ლუტიძე არა კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ, ჩვეულებრივი მოქალაქეა.

"ნუთუ ჩვეულებრივი მოქალაქე ავთანდილ ლუტიძე შემთხვევით მოიხსენიება ქურდების მთავარ საიტზე ქურდული მეტსახელით "ლუტია კუტაისსკი"? ნუთუ მას შემთხვევით მოიხსენიებენ წინასაარჩევნოდ საქართველოში თავისუფალ შემოსულ-გასულ ლავას-ოღლის დაჯგუფების ერთ-ერთ ფლაგმანად? ნუთუ მას შემთხვევით დასჭირდა თურქეთიდან შემოსვლისთანავე აზერბაიჯანში გასვლა? ნუთუ სუს-ის უფროსმა ის სარფიდან წითელ ხიდამდე, როგორც "უბრალო მოქალაქე" მიაცილა? ლექსო ლოგუა შარშან ბელორუსიიდან 13.08.2013 დადეპორტებული 14.08.2013 რომ გააცილეს თურქეთში, ამას გიორგობიანი არც უარყოფს და არც ხსნის რატომ. წელს კი იგივე რომ მოხდა, თანდართულ სურათზე წაიკითხავთ. ის მინსკი-სტამბულის რეისზე დარეგისტრირებისას დააკავეს და დაადეპორტეს მოქალაქეობის მიხედვით, ანუ საქართველოში. შესაძლოა, ამჯერად ის სხვა გვარით შემოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ თურქეთში „სხვოდკაზე“ მოხვდა. ასე რომ, ტყუილები ქალბატონმა გიორგობიანმა საკუთარ უწყებაში მოიკითხოს და კრიმინალური ავტორიტეტების დაცვასაც შეეშვას", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნებიდან დეპორტირებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს შსს საქართველოდან აპარებს, ნინო გიორგობიანმა სიცრუე უწოდა. თარგამაძის მტკიცებით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის ძე ლოგუა 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში. 2014 წლის აგვისტოში კი, ლოგუა საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე. მისივე ინფორმაციით, ავთანდილ ამირანის ძე ლუტიძე, მეტსახელად ლუტია ქუთაისი, თურქეთიდან იქნა დეპორტირებული. თარგამაძის თქმით, ლუტიძე შემოვიდა საქართველოში სარფის საბაჟოდან 2014 წლის 5 სექტემბერს 22:36 წუთზე, ხოლო 2014 წლის 6 სექტემბერს, 21:29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდის გამოყენებით და გადავიდა აზერბაიჯანში. ენმ-ის ინფორმაციით, მას სარფში ახალი გამზადებული პასპორტით დახვდა შსს-ს სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. 

შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მტკიცებით კი, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ლოგუა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა.

"მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა. რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები", - აცხადებს გიორგობიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები