თავისუფალი ზონა

ადვოკატი: დაკავებულ გოგოხიას და ჭკადუას პოლიციაში სასტიკად სცემეს

0 კომენტარი
ფოტო: Goga Khachidze/facebook.com

ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის ოფისში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციამ სასტიკად სცემა. ონიანის ინფორმაციითვე, პატრულის საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაკავებულ გოგოხიას გაუპატიურებით ემუქრებოდა. ადვოკატი პროკურატურას ფაქტის გამოძიებას სთხოვს.

"როგორც კი დაკავების ოქმი ავიღე და წამოვედით, მათ განუცხადეს, რომ ონიანის აყვანით ძალიან შეცდნენ. ასევე, პოლიციის ოთახში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზუმბაძეს, რომელიც პატრულის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ყოფილა, უთქვამს, ჩახადეთ, ამას ვაჩვენებთ თუ როგორ უნდა გაუპატიურებაო. მოვითხოვ პროკურატურისგან გამოძიებას, თუ როგორ ემუქრებიან დაკავებულებს გაუპატიურებით“, - განაცხადა ონიანმა.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ Facebook-ში გაავრცელა წერილი, რომელიც მისი თქმით, დავით გოგოხიას ეკუთვნის. წერილში გოგოხია ფიზიკურ ზეწოლასა და გაუპატიურების მუქარაზე საუბრობს.

ამ დროისთვის ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ დაკავებულების ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ და დაგვიკავშირდებიან. ამ დროისთვის, შსს-ს პრესსამსახური ზარებს არ პასუხობს. მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, თავისუფალი ზონის წევრი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ფარნაოზ ჭკადუას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.  

დაპირისპირება გუშინ, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

თავისუფალი თაობის წევრები გუშინვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ისინი ფიზიკური დაზიანების მიყენებაში ოპონენტ ორგანიზაციას ადანაშაულებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები