დემონსტრაცია ჰონკონგში

ჩინეთი ჰონკონგში დემონსტრაციებს უკანონოს უწოდებს

AFP

"დემონსტრაციები ჰონკონგში უკანონო და დაუშვებელია", - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰონკონგში მიმდინარე მოვლენები ჩინეთის შიდა საქმეა. 

"ჩინეთის მთავრობამ საკუთარი პოზიცია ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ჰონკონგი ჩინეთის შიდა საქმეა. ყველა ქვეყანამ ჩინეთის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. ვფიქრობ, არცერთი ქვეყნისთვის, არცერთი საზოგადოებისთვის ასეთი უკანონო ქმედებები, რომლიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, მისაღები არ არის. სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს, შეერთებულ შტატებსა თუ ჰონკონგში", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი, პეკინს მოუწოდა, მოქალაქეთა არჩევანის უფლებას პატივი სცეს.

"როგორც ცნობილია ჩინეთისთვის, ჩვენ მხარს ვუჭერთ საყოველთაო საარჩევნო უფლებას ჰონკონგში მისი ძირითადი კანონის შესაბამისად. ჩვენ გვწამს, რომ ღია საზოგადოებას, ავტონომიის მაღალ ხარისხს და კანონის უზენაესობას ჰონკონგის სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა კერიმ.

პროტესტი ჰონკონგის ქუჩებში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მოქალაქეები ჩინეთის ხელისუფლების გეგმებს აპროტესტებენ, რომელიც ავტონომიური რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის უფლების შეზღუდვას ცდილობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა. თუმცა, განაცხადა, რომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლას არ აპირებს.

კომენტარები