თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონის ოფისთან თავისუფალი თაობის წევრი გურამ ბიგვავა დააკავეს

თავისუფალი ზონის ოფისთან მიმდინარე აქციაზე გურამ ბიგვავა დააკავეს, რომელმაც თავისუფალი ზონის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცოცხი ესროლა. როგორც ტაბულას ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

თავისუფალი ზონის ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, სადაც თავისუფალი თაობის და გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ზაზა დავითაიას ცემას აპროტესტებენ და ორგანიზაცია თავისუფალი ზონის გაუქმებას ითხოვენ. იქვე იმყოფებიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები.

თავისუფალი ზონის წევრები თავიანთ ოფისთან იმყოფებიან. იქვე მივიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მათი განცხადებით, ამ აქციის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება.

დაპირისპირება 30 სექტემბერს, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

ამასთან, გუშინ ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ დაკავებულ გოგოხიას და ჭკადუას პოლიციაში სცემეს.

კომენტარები