ფინანსური დეკლარაცია

IDFI: სად-ის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებმა დეკლარაცია არასრულად შეავსეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებულ დარღვევებს აქვეყნებს. ორგანიზაცია თანამდებობის პირის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევებზე საუბრობს. მაგალითად, ქარელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პაატა ღვინიაშვილის 2013 წელს მიღებულმა შემოსავალმა სულ 76 850 ლარი შეადგინა, აქედან პრემიის სახით მას მიღებული აქვს 45 050 ლარი. დეკლარაციაში კი ღვინიაშვილს მითითებული აქვს მხოლოდ 32 070 ლარი. ორგანიზაცია ასევე ასახელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებს. მათ მიერ 2013 წლის დეკემბრის თვეში დარიცხული შრომის ანაზღაურების ოდენობა 18-დან 40 000 ლარამდე მერყეობს. თუმცა, აღნიშნული მონაცემები მათ მიერ 2014 წლის დეკლარირებულ შემოსავლებში არ აისახა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას ედავება მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის 2014 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის მითითებული ამ თანამდებობაზე მის მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ცნობები. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი დარბაისელი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის 29 ნოემბერს და შესაბამისად დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს მისი დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურება, რამაც გავრცელებული ინფორმაციით შეადგინა 18 225 ლარი (ხელფასი, პრემია, დანამატი). მსგავს შემთხვევას ვაწყდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ასევე ყოფილი სამი მოადგილის (სიმონ მაჩაიძე, გოგი გახარია, ვლადიმერ ბუნტურიძე) შემთხვევაში. მათ დეკლარაციებში მითითებულია მხოლოდ 2013 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით (დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით) მიღებული შემოსავალი, ხოლო პრესაში გავრცელებული სხვა შემოსავლების (პრემია ან/და სახელფასო დანამატი) შესახებ მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ იქნა მითითებული ქონებრივ დეკლარაციებში", - აცხადებს IDFI და იხსენებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიაზე დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებებს. გამომდინარე აქედან, ორგანიზაცია თვლის, რომ დღეს დასახელებულ შემთხვევებსაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

დეკლარაციების წარდგენას საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. დეკლარაციის წარუდგენლობა 1000 ლარის ოდენობით თანამდებობის პირის დაჯარიმებას იწვევს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ორი კვირის შემდეგაც თანამდებობის პირი არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას), ისევე როგორც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისთვის. მოცემული მუხლის თანახმად, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმის, საზოგადოებრივი შრომის, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე HSBC ბანკში არსებული თანხის წარმომავლობის შესწავლა 20 აგვისტოს დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ HSBC ბანკის ანგარიშზე მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ თანხას ინახავდა. მან ხელისუფლება დაადანაშაულა თვალთვალში, მისი წერილის უკანონო გახსნასა და გავრცელებაში.

კომენტარები