ძალადობრივი შეთქმულება

იზორია: ძალადობით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს "შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად". ამის შესახებ იზორიამ გადაცემა არჩევანში თქვა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაზეც შს მინისტრმა 10 სექტემბერს გაზეთ ალიასთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. იზორია დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შსს გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. ცნობისთვის, გაზეთ ალიასთან ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს.

"არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, შესაბამისად, როდესაც შს მინისტრმა 10 სექტემბერს თავის ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რომ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს არის სიმართლე და ეს გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. როგორც კი იქნება შედეგები ამ გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას აუცილებლად საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, ლაპარაკია ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 315-ე მუხლი. ამაზეც ითქვა საჯაროდ და შესაბამისად ვიმეორებ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მიდინარეობს პროცესი. შეგიძლიათ ნახოთ შს მინისტრის ინტერვიუ გაზეთ ალიას 10 სექტემბრის ნომერში. დანაშაულის შემადგენლობაც არის იქ, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ წაიკითხოთ", - განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

კომენტარები