ოჯახური ძალადობა

შს მინისტრი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ დაიცვა პოლიციამ მოკლული ქალი

17 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მაკა წივწივაძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბულას კითხვას, თუ რატომ არ დაიცვა პოლიციამ ძალადობის მსხვერპლი ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხი არ გასცა. ტაბულამ მინისტრს კითხვა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე შესვლამდე დაუსვა. 

გარდაცვლილი ლექტორის დედის განმარტებით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, "რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა".პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს გარდაცვლილი ლექტორის სხვა ახლბლებმაც.მათი თქმით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათივე ინფორმაციით, წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა პატრულს, ლაშა მაღრაძის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო.

"მარიამ წივწივაძემ ორჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ორივე შემთხვევაში მოხდა რეაგირება. პირველად მიმართა რუსთავის განყოფილებას, 22 სექტემბერს და განაცხადა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პოლიციამ მოახდინა რეაგირება და შეადგინა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან, ლაშა მაღრაძესთან. მარიამ წივწივაძე ამბობდა, რომ სურდა, მის მეუღლეს თავი დაენებებინა, აღარ მიეკითხა და აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვდა შემაკავებელი ორდერის გაცემას. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ პირობა დადო გასაუბრების ოქმში, რომ მეუღლეს აღარ მიაყენებდა შეურაცხყოფას და მოუხდიდა ბოდიშს. შემდგომ, 26 სექტემბერს მარიამ წივწივაძემ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს პირველ განყოფილებას და თქვა, რომ ყოფილი მეუღლე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. 29 სექტემბერს ლაშა მაღრაძე დაიბარეს პოლიციაში და გააფრთხილეს, რომ თუ ყოფილი მეუღლეს კვლავ შეაწუხებდა, პასუხს აგებდა კანონის შესაბამისად. ამის შემდეგ, მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მოუმართავს", - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

ლექტორი, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის დერეფანში ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

კომენტარები