სოფლის მეურნეობა

ქართუ დაზღვევა აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს

apma.ge

ქართუ დაზღვევა სოფლის მეურნეობის სუბსიდირებულ აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ამის შესახებ კომპანია დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. აგროდაზღვევის პოლისების გაცემა ქართუ დაზღვევამ დაახლოებით 3 კვირის წინ შეაჩერა.

ქართუ დაზღვევის პროექტიდან გამოთიშვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.

პროექტში მონაწილეობას ამ დროისთვის 4 სადაზვევო კომპანია: ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი და ირაო აგრძელებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრიდან 6 ათასზე მეტი სადაზღვევო პოლისია გაცემული. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გაცემული თანხა მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი 1-ლ სექტემბერს ამოქმედდა, მისი ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია. 

სადაზღვევო პოლისის გაცემის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 აგვისტო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, დაზღვევის პროექტი ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.

აგროდაზღვევის პროგრამა წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობებისთვის არის გათვლილი. მისით სარგებლობა წვრილ და საშუალო ზომის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსაც შეეძლებათ. აგროდაზღვევის პროექტით გათვალისწინებულია ინდივიდებისათვის გასაცემი მაქსიმუმ 30 000-ლარიანი სადაზღვევო პრემია, ხოლო კოოპერატივებისთვის - 50 000-ლარიანი პრემია. სამინისტრო აგროდაზღვევას საშუალოდ 80-90%-ით აფინანსებს. 

კომენტარები