გამოძიება 315-ე მუხლით

შსს ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოძიებას ქვეყნის გარეთ კულუარულად უარყოფს

0 კომენტარი

შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძიება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

წერილში ვკითხულობთ: “ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შსს-მ დაიწყო სისხლისსამართლებრივი პროცედურები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ეს ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. სამინისტროს სურს გაცნობოთ, რომ  არანაირი გამოძიება, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე, არ დაწყებულა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ ან მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ 15 ოქტომბერს გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

"არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, შესაბამისად, როდესაც შს მინისტრმა 10 სექტემბერს თავის ინტერვიუში განაცხადა იმის შესახებ, რომ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს არის სიმართლე და ეს გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. როგორც კი იქნება შედეგები ამ გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას აუცილებლად საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, ლაპარაკია ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე, რასაც ითვალისწინებს სსკ-ის 315-ე მუხლი. ამაზეც ითქვა საჯაროდ და შესაბამისად ვიმეორებ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მიდინარეობს პროცესი. შეგიძლიათ ნახოთ შს მინისტრის ინტერვიუ გაზეთ ალიას 10 სექტემბრის ნომერში. დანაშაულის შემადგენლობაც არის იქ, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ წაიკითხოთ", - თქვა იზორიამ.

ცნობისთვის, გაზეთ ალიასთან ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შემდეგ თქვა, რომ მომხდარში ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ხედავდა.

“გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი“, - თქვა პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს გამოძიების ვინმეს წინააღმდეგ დაწყებას. შსს-მ დაიწყო გამოძიება და წინასწარ დაასახელა სავარაუდო ბრალდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები