გამოძიება 315-ე მუხლით

ბესელია: არაა გამორცხული 315–ე მუხლით გამოძიებაზე კვალი ენმ–ზე მივიდეს

არ არის გამორიცხული გამოძიება ნაციონალური მოძრაობის წევრებამდე მივიდეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ტაბულას მიერ მოპოვებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძიება არ დაუწყია ბესელიამ კომენტარი გააკეთა. 

„შსს-მ ინფორმაცია გაასაჯაროვა რომ გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო ფორმით და მეთოდებით დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე.  ვის მიმართ გამოიკვეთება დანაშაული და ვინ იქნება იდენტიფიცირებული ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, და ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის ინფორმაცია, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარკვეული პირების მიერ, სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა უკანონო მოქმედებების ჩადენის თაობაზე. დანარჩენი უკვე გამოძიების საქმეა“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით ნაციონალური მოძრაობა წარსულში არაერთ ძალადობრივ ქმედებაშია მხილებული და არაა გამორიცხული ამ საქმეშიც ჩართული იყოს. 

"რაც შეეხება პირებს ვინ არიან ისინი ვინც ამზადებს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო ფორმით შეთქმულებას თუ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება, რომ მათ შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უკანონო და ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული და უკვე არაერთი ფაქტი გვაქვს და უკვე არაერთი განაჩენი" - განაცხადა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ გამოძება არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

გაზეთ ალიასთან ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს. მისი განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. ჭიკაიძის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები".

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ 15 ოქტომბერს გადაცემა არჩევანში შს მინისტრის ინტერვიუ მოიხმო და განაცხადა, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

 

კომენტარები