უშიშროების საბჭო

გიგა ბოკერია: მთავრობა თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს

0 კომენტარი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კატასტროფული რეალობაა, რომ მსჯელობა მიმდინარეობს პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრაზე და არა იმაზე, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო.

ამის შესახებ ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში უშიშროების საბჭოს სხდომის შეფასებისას აღნიშნა.

„თავისთავად იმ ფაქტს, რომ მსჯელობის, აღნიშვნის საგანია, რომ შედგა სხდომა, ვაფასებ ძალიან მძიმედ ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, სხდომა შედგა თუ არა და ხელი ჩამოართვეს თუ არა პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთმანეთს, არამედ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რა ხედვა გააჩნია დღევანდელ სამთავრობო გუნდს, რა გზით უნდა წავიდეს ქვეყანა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მას აქვს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეყნის გარეთ რუსეთის აგრესიის და აფხაზეთის უკვე დე იურე მცდელობის და დე იურე ანექსიის პროცესში. ეს არის კატასტროფული რეალობა. დისკუსია უნდა იყოს იმაზე, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, რა უნდა ქნას, რა გააკეთეს, რა უნდა შეცვალონ და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი სერიოზული განხილვაც კი. ამიტომ არის ახალი ამბავი დღეს ის, რომ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სად დახვდა პრეზიდენტი პრემიერს, სად ისხდნენ, მრგვალი მაგიდა იყო თუ არა და ა.შ.", - აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის შეჯამებასაც გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თქმით, გამოსვლის ნახევარი საკუთარი თავის ქება იყო, ხოლო მეორე ნახევარი - ოპოზიციის ლანძღვა. რაც შეეხება ღარიბაშვილის შეთავაზებას აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, ბოკერია აღნიშნავს, რომ ეს შეთავაზება კომიკურად ჟღერს, რადგან უკვე წერია კონსტიტუციაში.

„ერთადერთი ახალი „სერიოზული" შეთავაზება იყო, რომ შესთავაზა აფხაზეთს ავტონომია. ჯერ გვქონდა ერთი კატასტროფული უკიდურესობა, რომ აფხაზი ერის თვითგამორკვევაზე ისაუბრა და პრაქტიკულად გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რომელსაც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ოკუპანტი და მარიონეტული რეჟიმი იყენებდა - რომ ეს არის ბრძოლა თვითგამორკვევისთვის და ჩვენ ვართ მჩაგვრელები. ახლა გადავარდა სხვა ტიპის უკიდურესობაში - ახალი „სერიოზული" შეთავაზება გააკეთა. ავტონომია არავის არ გაუუქმებია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია და, რა თქმა უნდა არასერიოზულად, სასაცილოდ და კომიკურად ჟღერს ეს შეთავაზება. გუნდშიც კი არავინ ჰყავს ივანიშვილს ან ღარიბაშვილს, რომ ეს ვინმეს ეთქვა - ამის გაკეთება არის სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაყენება", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები