ოკუპირებული ტერიტორიები

კვირიკაშვილი: გაუგებარია, რას ემსახურება ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს უკვირს, "იმ დადებითი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რაც რუსეთთან მიმართებაში გვაქვს", რას ემსახურება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. 

"მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საერთაშორისო კამპანია ამ მიმართულებით. უნდა ჩავრთოთ ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. სამწუხაროა, რომ იმ დადებითი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რაც რუსეთთან მიმართებაში გვაქვს, რუსეთი განაგრძობს ამ მიმართულებით პროვოკაციულ ქმედებას. ჩემთვის გაუგებარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ფონზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით, თუ რას ემსახურება ეს ხელშეკრულებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობას ხმამაღლა უნდა ვამცნოთ ჩვენი შეშფოთება ამ კუთხით", - აცხადებს კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. ამის შესახებ, სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს", - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

კომენტარები