ოკუპირებული ტერიტორიები

ზალკალიანი: ჩირიკბა ჰოლანდიის მოქალაქეა და ბრიტანეთში ჩასვლა არ გაუჭირდებოდა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პასუხობს ნაციონალური მოძრაობის განცხადებას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობა საგარეო უწყებისგან განმარტებას ითხოვდა, მოახდინა თუ არა რეაგირება სამინისტრომ აღნიშნულ სახიფათო ფაქტზე და რატომ ვერ შეძლო ჩირიკბას სახელზე დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემის არდაშვება. პარტიის მტკიცებით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სუსტდება.

ზალკალიანის განცხადებით, ჩირიკბა ჰოლანდიის მოქალაქეა და "ბრიტანეთში ჩასვლა არ გაუჭირდებოდა". მისივე თქმით, საქართველოს პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით უცვლელია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც აქვთ. აფხაზეთის წარმომადგენლებმა კი არ უნდა შეიქმნან ილუზია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებას მიიღებენ.

"ის არის ჰოლანდიის მოქალაქე, მას აქვს ჰოლანდიის პასპორტი. როგორც ჰოლანდიის მოქალაქეს, მას არ გაუჭირდებოდა დიდ ბრიტანეთში ჩასვლა. არ დაგავიწყდეთ, რომ Chatham House-ში მეც მქონდა გამოსვლა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებს ჰქონდათ გამოსვლა, ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები და ანალიტიკური ცენტრები არიან ინფორმირებული ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ ყოველდღიურად, საელჩოს საშუალებით, ასევე სხვა ანალიტიკური ცენტრების საშუალებით, ჩვენს პოზიციას ვაცნობებთ მათ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ამაში გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა იყოს ილუზია აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის, რომ ისინი საერთაშორისო თანამეგობობის მხრიდან აღიარებას მიიღებენ, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - თქვა ზალკალიანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ბრიტანეთში, საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტ Chatham House-ში სიტყვის გამოსვლას საქართველოს მთავრობისა და საგარეო უწყების მარცხს უწოდებს. პარტიის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შესუსტებას განიცდის. პარტიის მტკიცებით, ბრიტანეთში დისკუსიას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოს საერთაშორისო პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნაბიჯ-ნაბიჯ შესუსტებას განიცდის. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის და დევნილთა დაბრუნების საკითხი თანდათან ქრება დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგიდან. მეტიც, სახეზეა საქართველოს საერთაშორისო პოზიციების შესუსტების უაღრესად შემაშფოთებელი მაგალითები. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ახერხებენ ისეთი საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებას, რომელთა დაკავებაზე რამდენიმე წლის წინ ვერც კი იოცნებებდნენ.

ასე მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ა.წ. 14 ოქტომბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საკითხთა სამეფო ინსტიტუტ ჩათჰემ ჰაუზში. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლა და ჩირიკბას მიერ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მარცხია. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დისკუსიას ესწრებოდნენ მედიის და ლონდონში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიების, მათ შორის, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

კომენტარები