სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ბრალდებული ეტლში გამიზნულად ჩაჯდა და ის არ უცემიათ

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულ მ. ტოტოლაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა დეზინფორმაცია გაავრცელეს. უწყების მტკიცებით, "ტოტოლაშვილი ეტლში ადმინისტრაციაზე ზემოქმედების მოსახდენად გამიზნულად ჩაჯდა" და ის არ უცემიათ. შეგახსენებთ, რომ ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის ინფორმაციით, მარიხუანის მოხმარებისთვის დაკავებულ მალხაზ ტოტოლაშვილს გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს. როგორც თალაკვაძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, მალხაზ ტოტოლაშვილი დაპატიმრებისას ჯანმრთელი იყო, მაგრამ შემდეგ მას გლდანის ციხის მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა შვიდ პირთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის თქმით, ის მძიმედ დაშავდა და გადაადგილება აღარ შეუძლია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით კი, უწყებამ ბრალდებულის წერილობითი და საჯარო განცხადებების საფუძველზე ამომწურავად შეისწავლა საკითხი: გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად გამოიკვლია ჯანდაცვის სისტემის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში.

"1. მ. ტოტოლაშვილი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შემოსახლების მომენტიდან (23.08.14) გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით: არ ემორჩილებოდა თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს, აყენებდა მათ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას. პერსონალის შეურაცხყოფის ფაქტები შემდგომშიც არის აღწერილი, როგორც სამოქალაქო საავადმყოფოებში, ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში.

2. კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე მისი ქცევის გათვალისწინებით, შემოსახლების მომენტშივე დაუყოვნებლივ იქნა აღწერილი მცირე დაზიანებები (ექსკორიაციები (ნაფხაჭნები) და მცირე ზომის ზერელე სისხლნაჟღენთები), ასევე წარსულში სავარაუდოდ თვითდაზიანების და/ან დაჭრის შედეგად მიღებული ძველი ნაწიბურები. (მტკიცებულება-სამედიცინო ბარათი, - ექიმის ჩანაწერი 23.08). აღნიშნული დასტურდება შემოსახლებისას შესაბამის ოქმში მისივე ხელმოწერით და მონათხრობით, რომ დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიღებული.

3. მიღებისას შემოწმება მ. ტოტოლაშვილს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაშიც ჩაუტარდა, სადაც ექიმის ჩანაწერის თანახმად (17.09.14) მას „ახალი დაზიანებები არ აღენიშნება“.

4. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებით მოპოვებული ობიექტური მონაცემებით და ექიმების დასკვნებით პრაქტიკულად გამოირიცხა, რომ მ. ტოტოლაშვილს მოძრაობის და გადაადგილების შესაძლებლობები შეზღუდული აქვს რაიმე მექანიკური ტრავმის/დაზიანების გამო, უფრო მეტიც - სამეურნეო ნაწილში მომსახურე მსჯავრდებულების ახსნა-განმარტებებით ჩანს, რომ მ. ტოტოლაშვილი საკანში გადაადგილდებოდა ეტლის გარეშე. მოგვიანებით, სამედიცინო მომსახურების პროცესში უნებლიეთ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ მ. ტოტოლაშვილი ქვემო კიდურებს ამოძრავებს და პარალიზებული არ არის.

5. საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე მ. ტოტოლაშვილს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია - ბრალდებულის სტატუსით პატიმრობის მცირე დროში იგი მოთავსებული იყო ხუთ სხვადასხვა სამედიცინო კლინიკაში, კონსულტირებული იყო არაერთი სპეციალისტის მიერ და ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტული გამოკვლევები.

აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე და მართლმსაჯულების პროცესზე ზემოქმედების მიზნით, მ. ტოტოლაშვილმა დამატებით გადაყლაპა უცხო სხეულები (თერმომეტრთან ერთად ფრჩხილების საკვნეტი, ჭანჭიკები და სხვა), სამედიცინო პერსონალის  ჩარევის შედეგად შემდგომი გართულებების საფრთხე დროულად განეიტრალდა.

სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ბრალდებულს ჩაუტარდეს ნებისმიერი სახის ექსპერტიზა, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს სიმართლე. ასევე, სთხოვს ბრალდებულსა და მის მხარეს, გასცენ წერილობითი თანხმობა მ. ტოტოლაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის, გამოკვლევების, ექიმთა შეფასებების და მისი მხრიდან მანიპულაციის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე. თანხმობის შემთხვევაში სამინისტრო გამოაქვეყნებს სრულ, ობიექტურ ინფორმაციას მის შემთხვევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები