თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში

ტაბულა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი, რაზეც ახლა ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი". ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან, თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია დაკავებულების უდანაშაულობაში. მისი თქმით, მთელი თავდაცვის სამინისტრო მონდომებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ირაკლი ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, ამის გამო კი,მინისტრი პრეზიდენტთან,პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქვს თუ არა საქმეს პოლიტიკური სარჩული, "მოგვიანებით ვილაპარაკებთ".

"მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამშრომლების და თანამებრძოლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი. მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, ითანამშრომლოს გამოძებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება. რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, ეს არის - გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად. ამიტომ მე მთელ ყურადღებას გადავიტან იმისკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. ამის ელემენტები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს. ისე წარიმართა პროცესი - დახურულად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. ამიტომ იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია, გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა ზიანი, მოხდეს უმაღლეს დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ასევე პრემიერმინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები