კრიზისი კოალიციაში

ნოდია: ალასანია ადასტურებს, რომ ენმ მართალია ქართული ოცნების შეფასებაში

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლით ნაციონალური მოძრაობა არც იხეირებს და არც წააგებს, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო იხეირებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ თქვა.

ნოდიას თქმით, ალასანიას ქართულ ოცნებასთან იგივე პრეტენზიები ექნება, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა და დაადასტურებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა მართალი იყო

„ალასანია ნაციონალურ მოძრაობას ელექტორატს ვერ წაართმევს, ის იმ სეგმენტზე იმუშავებს, ვისაც ნაციონალები სძულს, მაგრამ არც ოცნება მოსწონს. მეორეც, ალასანიას პრეტენზიები „ოცნების“ მიმართ ზუსტად იგივე იქნება, რაც ნაციონალების, ოღონდ ნაციონალები ამას უფრო დიდი ხანია და უფრო მკვეთრად ამბობენ. გამოდის, რომ სამწლიანი მეოცნებეობის შემდეგ ალასანია ადასტურებს, რომ ნაციონალები თავიდანვე სწორი იყვნენ ოცნების შეფასებაში. ნაციონალებს ჰყავთ ერთგული, მაგრამ შეზღუდული ელექტორატი და მისი სერიოზული გაფართოების პერსპექტივა უახლოეს ხანებში სათუოა. ასე რომ, სტრატეგიულად მათთვის კარგია, რომ სხვა პროდასავლური ძალებიც გაჩნდეს - ეს პოლიტიკური მანევრის მეტ საშუალებას მისცემს. თავიდან ალასანია, სავარაუდოდ, მაქსიმალურად გაემიჯნება ნაციონალებს, რომ საკუთარი ელექტორატი გამოკვეთოს. არა მგონია, ეს ელექტორატი ძალიან დიდი იყოს, მაგრამ რაც იქნება, იქნება. უფრო შორეულ პერსპექტივაში ნაციონალები და ალასანია ბუნებრივი მოკავშირეები არიან, თუმცა გაუჭირდებათ მეგობრობა. მაგრამ სრულიად შესაძლებელია“, - თქვა ნოდიამ.

გუშინ, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები