სოციალური რეკლამის კანონპროექტი

მაუწყებლები და NGO-ები პრეზიდენტს მორიგი ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ

ტელეკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილს სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სოციალური რეკლამის რეგულაციას შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ორგანოს და მაუწყებელს შორის დავის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხილვას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, კონკრეტული რეკლამა სოციალური რეკლამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება კანონპროექტის მთელ რიგ მუხლებთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გამართულ დამატებით შეხვედრაზე მაუწყებლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააცნეს საკუთარი პოზიცია.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებების პროექტით კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის დამატებითი ფუნქციის მინიჭება მაუწყებელთა სარედაქციო დამოუკიდებლობას შეზღუდავს. ამასთან, იზრდება რისკი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. სოციალური რეკლამის განმარტება რჩება ბუნდოვანი და კანონი არ ითვალისწინებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონტექსტს. მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დროებით შეეჩერებინათ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა და შეექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვებოდნენ მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა ალტერნატიული წინადადებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ბოლო მოსმენით ისე მიიღო, რომ გათვალისწინებული არ იყო კერძო მაუწყებელთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები და ვერც დამატებითი შეხვედრა შედგა საკანონმდებლო ორგანოში ალტერნატიული წინადადების წარსადგენად. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პრეზიდენტს, ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სოციალური რეკლამის საკითხს არეგულირებს. მოვუწოდებთ პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მედიის სექტორის შესახებ მარეგულირებელი ნორმების მიღებისას გაითვალისწინონ, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინონ მედიაგარემოზე საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ატორები ტელეკომპანია ტაბულა, ტელეკომპანია რუსთავი 2, ტელეკომპანია მაესტრო, პალიტრა მედია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) არიან. 

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა.

კომენტარები