საქართველოს სამეფო სახლი

დავით ნარმანია ანა ბაგრატიონს შეხვდა

Georgian Royal House/Facebook.com

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ანა ბაგრატიონს შეხვდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტო Facebook-ში "საქართველოს სამეფო სახლმა" აღწერით - "მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი ანა და დედაქალაქის მერი ბატონი დავით ნარმანია შეხვედრის დროს" - გამოაქვეყნა. შეხვედრა 10 ნოემბერს, თბილისის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტის და "სამეფო ოჯახის" ინიციატივით შედგა.

დედათა კომიტეტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მერთან შეხვედრისას ორი პროექტი განიხილეს. მისი თქმით, ერთ-ერთია "აფხაზური ოდა". ამ პროექტისთვის დავით ნარმანიას თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადმოცემა სთხოვეს, რომელიც ტაბახმელაში მდებარობს. ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან.

მეორე პროექტი კი, ანა ბაგრატიონის მიერ მოპოვებულ გრანტს უკავშირდება. ქეთევან ადამია ამბობს, რომ ბაგრატიონმა აშშ-ში არსებული ორგანიზაციის გრანტი მოიპოვა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს ორგანიზაციის დასახელებას.

"ეს არის ჰუმანიტარული დახმარება. ამ ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. 5-წლიანი გავაკეთოთო, თავიდან იყო ნათქვამი, და თითო წელიწადში მილიონ დოლარს ჩადებდა ეს ორგანიზაცია. როდესაც აშშ-დან ჩამოსულ სტუმარს მოვუყევი საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ოკუპაციის შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოსთვის სპეციალური ღონისძიებები განხორციელდეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დარგში პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობები მოეწყობა ღარიბი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ეს გაკეთდება დევნილთათვის. ჩვენ გვინდა აფხაზეთის საზღვართან გავაკეთოთ ეს მეურნეობები, ფერმები მეფრინველეობის, მეცხოველეობის, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, რომ მერე იქვე საზღვარზე გაიტანონ პროდუქცია. ჩვენ გვინდა, რომ თბილისსა და მის შემოგარენშიც მოვაწყოთ ეს მეურნეობები. ამ ორ პროექტზე ჩვენი გეგმები მოვახსენეთ დავით ნარმანიას", - უთხრა ადამიამ ნეტგაზეთს.

 

კომენტარები