მუსლიმები საქართველოში

დასავლეთ საქართველოს მუფტი გადადგა

netgazeti.ge

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მან საკუთარი ნებით დაწერა და რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა.

„საკუთარი სურვილით გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ბოლო დროს გულის შეტევით ორჯერ კლინიკაში მომათავსეს. რაიმე სახის ზეწოლა გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა. 22 ნოემბერს 11:00 საათზე ჩავატარეთ რელიგიათა საბჭოს სხდომა, სადაც ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძე", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

ჯემალ პაქსაძე მუფთის თანამდებობაზე 2010 წელს რელიგიურმა მეჯლისმა დანიშნა.

როგორც ტაბულასთან საუბრისას ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, „სახელმწიფომ კიდევ ერთხელ იმოქმედა არასწორად, რაც გამოიხატება ჯემალ პაქსაძის გადაყენებასა და მუსლიმი მრევლის ნების წინააღმდეგ ახალი მუფთის დანიშვნაში".

„მე ვფიქრობ სახელმწიფოს ასეთი ქმედება უფრო მეტად დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. თუ არ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, თუ არ შეიცვლება სისტემა, არ მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძირეული რეორგანიზაცია, ცვლილებები, ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების ასევე ეგრეთწოდებული ფსევდო მეჯლისის წევრებისა, რომლებიც მხოლოდ ხელს აწერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით, ასევე არ ჩამოყალიბდება განცდა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებსა და დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებებს, მანამ ვერ მოხერხდება არსებული მდგომარეობის გამოსწორება", - აღნიშნა ნაკაიძემ.
მის თქმით, ჯემალ პაქსაძის გადაყენება და ახალი მუფთის „ფსევდოარჩევა", რომელიც სინამდვილეში შსს-ს მიერ დანიშვნას ნიშნავს, დღითიდღე უფრო დააშორებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფო ერთმანეთისაგან.

მისი თქმით, სახელმწიფომ მსგავსი ქმედება განახორციელა რამდენიმე თვის წინაც, როდესაც შეიხი ვაგიფ აქბეროვი ჩაანაცვლა რამინ იდიგოვით. „ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმთა სამმართველოში ვერ მოხერხდება ძირეული რეორგანიზაცია, მუსლიმ თემს არ მიეცა მისი წინამძღვარი აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანოს მის სათავეში არა მაქვს იმედი მდგომარეობა რამე დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს რადიკალური ისლამის განვითარებისა", - აღნიშნა ნაკაიძემ.

კომენტარები