ძალადობა სკოლა-ბაღ სადუნში

ნანუაშვილი: შშმ პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება გაჭიანურდა

უჩა ნანუაშვილი

შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო ძალადობის (ცემის) ფაქტის შემდეგ გაჭიანურდა მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სპეციალურ განცხადებაში წერს.

სახალხო დამცველი თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო ძალადობის (ცემის) გამოძიებას გამოეხმაურა და შსს-სა და პროკურატურას გამოძიების გონივრულ ვადაში ჩატარებისკენ მოუწოდა.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ძალადობის მსხვერპლის ჭეშმარიტი ინტერესები“, - განაცხადა ნანუაშილმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა და ჩატარდა ტრასოლოგიური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის ბავშვს ბაღში 26 სექტემბერს სცემეს. მშობლის თამუნა იარაჯულის ცნობით, ბავშვს ზედა ტუჩი ჰქონდა დაზიანებული. მისივე განმარტებით, მან სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა განუცხადეს, რომ ბაღი კერძო დაწესებულებაა და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მათ არ ეკუთვნოდათ. აღნიშნული ფაქტი დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ბაღ სადუნში მოხდა. სკოლის დირექტორმა კი მომხდარი აღმზრდელის ოჯახური პრობლემებითა და ნერვული აშლილობით ახსნა.

კომენტარები