თავდაცვის სამინისტროს განცხადება

მარგველაშვილი: უსიამოვნოა, როცა ყველა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ერთიანდება. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ, ასევე აქციებს თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. გიორგი მარგველაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება მისი საქმე არ არის.

"არ ვფიქრობ, რომ მე უნდა გავაკეთო კომენტირება განცხადებების და ამის შემდეგ განცხადებებზე რეაგირების. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთი, მეორე და მესამე მხარის და მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, რომ თავისი პოზიცია გამოხატონ. ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე",- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძირმა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და აღნიშნა, რომ თითოეული ქართველის სიცოცხლე არის ფასეული, მით უმეტეს, როცა ადამიანი უცხოეთში კვდება.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში"- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს განცხადება უწყებამ წაშალა და მას ტექნიკური შეცდომა უწოდა. საპარლამენტო უმცირესობა ოთხშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მოითხოვს.

კომენტარები