მკვლელობა სომხეთში

პაატა დავითაია: რუსეთი სომხეთს უყურებს, როგორც ვასალს

თეორემა/ტაბულა

პარტია "საქართველოს ევროპული დემოკრატიის" ლიდერის პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთი სომხეთს უყურებს, როგორც ვასალს და ისე ექცევა, როგორც მოესურვება. მისივე თქმით, რუსეთს არ სურს გიუმრში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემა, რადგან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქურდული მენტალიტეტით მოქმედებს - საკუთარი ჯარისკაცი სხვას არ უნდა დაასჯევინოს. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ხელშეკრულებით, რომელიც არის სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული, თუ რუსეთის მოქალაქემ, ჯარისკაცმა ჩაიდინა დანაშაული სომხეთის მოქალაქის წინააღმდეგ, ის უნდა გასამართლდეს სომხეთში და მასზე უნდა დაიწყოს გამოძიება. თუ მან დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ, მაშინ ხდება გამოძიება რუსული კანონმდებლობის ქვეშ. ვიცით, ჩვენ რა დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მოქალაქემ, ამოხოცა მთელი სომხური ოჯახი და რეალურად მისი გადაცემის პრობლემა დადგა.

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, სამართლებრივად პირველ დანაშაულად აჩვენოს დეზერტირობა - რომ დამნაშავემ დატოვა სამხედრო ბაზა და ამიტომ ჩვენს იურისდიქციის ქვეშაა. მაგრამ მკვლელობა, რაც შემდეგ ჩაიდინა, უფრო მძიმეა, ვიდრე დეზერტირობა. როდესაც სომხეთი რუსეთის მოკავშირეა და პირიქით, თუ რუსეთს უნდოდა პრობლემის მოგვარება, პირველ დღესვე გადასცემდნენ სომხეთს ჯარისკაცს. მაგრამ, სამწუხაროდ, სომხეთის მთავრობამ ვერ გათვალა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოქმედებს "გაგებით" - არ უნდა დასაჯოს თავისი ჯარისკაცი, სხვას არ უნდა დაასჯევინოს. ამიტომ აქ ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე ხდება მიდგომა, არ აინტერესებთ კანონმდებლობა, არ აინტერესებთ არანაირი მიდგომა, იძახიან - ჩვენ გავასამართლებთ.

სომხურ საზოგადოებას გაუჩნდა კითხვის ნიშნები - თუ ჩვენი მოკავშირეა, რატომ გვექცევა ასე. მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ რუსეთი სომხეთს უყურებს, როგორც ვასალს და ექცევა, როგორც მას სურს",-თქვა დავითაიამ.

12 იანვარს სომხეთის ქალაქ გიუმრში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცეს. მაშინ 6 თვის ჩვილი სერიოჟა ავეტისიანი გადარჩა, თუმცა, გულის არეში მიღებული ჭრილობის გამო დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვია, რომელიც 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა. შემთხვევას დამნაშავის გადმოცემის მოთხოვნით მოქალაქეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, თუმცა, რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ პერმიაკოვი რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება.

კომენტარები