ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ხელისუფლებას: ქურდულ სამყაროსთან ალიანსი შეცვალეთ პოლიციელებთან ალიანსით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "2003 წლის შემდეგ, პოლიციელის ღირსება და პატივი არასდროს ისეთ დაბალ ნიშნულზე არ დაუყენებია სახელმწიფოს, როგორც დღეს". როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, "ის, რაც ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში პოლიციელთა მიმართ, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს გაცნობიერებული პოლიციის როლი ჩვენს ქვეყანაში".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ხელისუფლებას, "დაიცვას პოლიციელთა ღირსება და პატივი, დაიცვას მათი სიცოცხლე და ქურდულ სამყაროსთან გაფორმებული ალიანსი შეცვალონ ალიანსით ქართველ პოლიციელებთან". ენმ-ს მიაჩნია, რომ "ეს არის ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა. დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართველ საზოგადოებას. პოლიციელი, რომელსაც აჰყარეს ღირსება და პატივი, პოლიციელი, რომელიც ვერ გრძნობს თავს დაცულად თავის ქვეყანაში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახერხებს მოქალაქეთა დაცვას. შესაბამისად, დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ სახელმწიფოს". 

ნუგზარ წიკლაური აღნიშნავს, რომ "ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბათუმში პოლიციელი მოკლა ქურდის მეგობარმა და ის გააპარეს, ასევე, ქუთაისში საკრებულოს წევრმა "პაგონები აახია პოლიციელს", პოლიციელები დაჭრეს ქვიშხეთში, სასტუმრო რედისონთან პოლიციელს სცემა მოქალაქემ და გაურკვეველია, მას რამე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრა თუ არა, პოლიციელებს ესროლეს თელავში, ზუგდიდში გურამ ღუწკაიას მანქანა დაწვეს".

"ეს ფაქტები არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა ვითარებაში იმყოფება დღეს ქართული პოლიცია და რამდენად არის ის, ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, მიჯირყვნილი კრიმინალური სამყაროს მიერ. ასევე, პოლიციელებს არ უზრდიან ხელფასებს, მათ ჩამოართვეს სადაზღვევო პაკეტი ოჯახებისათვის და სულ უფრო ხშირად ვხედავთ გაჩერებულ პოლიციის მანქანებს, რადგან მათ შესაბამისი რაოდენობის ბენზინსაც კი არ აძლევენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად", - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები