თბილისის მერია

ენმ: თბილისის მერია და დავით ნარმანია სწრაფი ტემპებით ეფლობიან კორუფციაში

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "თბილისის მერია და დავით ნარმანია სწრაფი ტემპებით ეფლობიან კორუფციაში, რაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და ქალაქის შეჩერებულ განვითარებას ნიშნავს". დღევანდელ ბრიფინგზე ნადირაძემ მერიის მიერ ტენდერის გზით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მკვეთრად შემცირდა ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა, ხოლო გაიზარდა გამარტივებული შესყიდვით (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) დადებული ხელშეკრულებების რიცხვი.

"რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ამჟამინდელი მერის მისამართით განაცხადა, რომ თავიდან მუშაობას უწუნებდა დავით ნარმანიას, ხოლო ამ ეტაპისთვის მისი მუშაობის სტილით და ტემპებით სავსებით კმაყოფილია. გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული ოცნების მუშაობის სტილისა და ტემპის შესახებ თბილისის მერიაში, რაც სამწუხაროდ ნათლად აჩვენებს, რომ 2015 წელს თბილისში კვლავ გაგრძელდება მთავრობის უნიათო პოლიტიკა, კორუფცია და უქნარობა.

ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი და პასუხი იმაზე, თუ როგორ და რა ტემპებით მუშაობს დავით ნარმანია, არის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად ტენდერის გზით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა.

იმისათვის, რომ 2015 წელს სამუშაოების წარმოების ტემპი იყოს მაღალი, როგორც ამას ნარმანია პირდება მოსახლეობას, ამისათვის თბილისის მთავრობას გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულებები. მაგალითისთვის გვინდა მოვიყვანოთ მცირე სტატისტიკა. 2013 წლის დეკემბერში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული იყო 84 ხელშეკრულება, მაშინ როდესაც 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიდო მხოლოდ 25 ხელშეკრულება, რაც 70%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან. 2014 წლის იანვარში ტენდერის შედეგად დაიდო 29 ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის იანვრის თვეში მხოლოდ 1 ხელშეკრულება, რაც 96%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიის ამჟამინდელი სტატისტიკის შედარება ხდება იმ პერიოდთთან, როდესაც ქართული ოცნების შიხიაშვილის საკრებულო ყველა გზით ცდილობდა მერიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, თუმცა როგორც მაგალითიდან ჩანს, მაშინაც კი, ყველაფრის მიუხედავად, გაცილებით მეტი კეთდებოდა ამ მიმართულებითაც, ვიდრე ახლა.

ამის საპირისპიროდ მკვეთრად იზრდება გამარტივებული შესყიდვით (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) დადებული ხელშეკრულებების რიცხვი. მაგალითად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გამარტივებული წესით (ერთ პირთან მოლაპარაკებით) ხელშეკრულება გაფორმდა 5 526 899 ლარზე, მაშინ როდესაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (4 თვეში) ხელშეკრულება გაფორმდა 10 544 716 ლარზე. ანუ ბოლო 4 თვეში (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდა 2-ჯერ მეტი ხელშეკრულება, ვიდრე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ფორმდებოდა თვეში საშუალოდ 276 345 ლარზე, ახლა თვეში ფორმდება 2 636 179 ლარზე, ანუ თვეში დაახლოებით 10-ჯერ მეტზე", - განაცხადა ნადირაძემ და დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამიდან ამონარიდი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, "თბილისის მერიის მიერ „ტრადიციად“ იქცა სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდის გამოყენება. რის შედეგადაც იზრდებოდა კორუფციული გარიგებების რისკები და მოსახლეობაში მკვიდრდებოდა უსამართლობის განცდა". ენმ-ის დეპუტატის თქმით, ნარმანიას ეს განცხადებაც სხვების მსგავსად "ტყუილი დაპირება აღმოჩნდა და ნათლად ადასტურებს, რომ თავად ნარმანია და თბილისის მერია სწრაფი ტემპებით ეფლობა კორუფციაში, რაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და ქალაქის შეჩერებულ განვითარებას ნიშნავს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები