Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty Int: პატიმრების წამებაზე გამოძიებები ხშირად ნელი და არაეფექტური იყო

Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში პატიმრების მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეა საუბარი, რა დროსაც ოფიციალური გამოძიებები ხშირად ნელი და არაეფექტური იყო.

"რამდენიმე ცნობის თანახმად, დაფიქსირდა ციხეებსა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ოფიციალური გამოძიებები იყო ხშირად ნელი და არაეფექტური. სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტირებული არასათანადო მოპყრობის 18 შემთხვევიდან გამოძიება მხოლოდ ერთ საქმეზე დაიწყო. სანქციები არც წლის ბოლოს დაფიქსირებულა.

15 მარტს, ცნობების თანახმად, ირაკლი ქელბაქიანი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში, პოლიციელებმა სცემეს ხელებითა და რკინის ხელკეტით თავში, სახესა და სხეულზე. შემდეგ კი გაგუდეს.

ამირან ძებისაშვილის ინფორმაციით, ის 31 ოქტომბერს მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ემუქრებოდნენ, მას შემდეგ, რაც სასამართლოში განაცხადა, რომ პოლიციელებმა ვასილ ლომსაძე ცემეს დაკავებისას, 2013 წლის 27 ოქტომბერს. ვასილ ლომსაძეს ბრალი ჰქონდა წარდგენილი წინააღმდეგობის გაწევისა და სავარაუდო თავდასხმაზე პოლიციელების მიმართ. ეფექტურად არ გამოძიებულა ვასილ ლომსაძის ბრალდებები მის ცემასთან დაკავშირებით, მიუხედავად რამდენიმე მოწმისა და ცნობებისა მისი სხეულის დაზიანების შესახებ", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ქალების მიმართ ძალადობაზეც არის საუბარი - "სულ ცოტა 25 ქალი მოკლეს ოჯახური ძალადობის შედეგად. რამდენიმე შემთხვევაში, მსხვერპლმა წინასწარ სთხოვა პოლიციას, დაეცვა ისინი, მაგრამ ადეკვატური მხარდაჭერა მათ არ მიუღიათ."

კომენტარები