ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

პემიერი პროკურატურას ხარძიანის მკვლელობის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს. იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ძალიან მალე გასცემს პასუხს ყველა კითხვას. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გააკეთონ ყველაფერი ამ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით", - ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს, შაბათს, 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, თავს ჯერჯერობით უცნობი პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, ხარძიანი საოპერაციოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

საქმეს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

კომენტარები