სასამართლო

პრემიერი: მოსამართლემ განმარტოს, რატომ დააყადაღა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება. როგორც ღარიბაშვილმა დღეს მარნეულში განაცხადა, 4 500 ლარის დავალიანების გამო საწარმო დაყადაღებულია. ღარიბაშვილის თქმით, მოსამართლის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული და ის უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის.

"აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა, მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს, როგორც მინიმუმ 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 4 500 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო", - განაცხადა პრემიერმა  და აღნიშნა, რომ მარაგი დარჩენილია 15 აპრილამდე, ამის შემდეგ კი არსებობს საფრთხე, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს. 

"რა თქმა უნდა, არ ვერევით და არცერთი არ მისცემს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივადაც შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მე ყველას მოვუწოდებ, ამაზე გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც პრემიერმინისტრი, არც მოსამართლე, არც პრეზიდენტი არ დგას კანონზე მაღლა. ეს ყველას უნდა ახსოვდეს კარგად და ყველას მოეთხოვება პასუხი თავის დროზე, ნებისმიერი სავარაუდოდ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. ასევე, არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

კომენტარები