ერაყი

ტიკრიტის ISIS-ისგან გათავისუფლების შემდეგ ქალაქში მაროდიორობა დაიწყო

www.frontpagemag.com

ერაყის ქალაქ ტიკრიტის ISIS-ისგან გათავისუფლების შემდეგ ქალაქში მაროდიორობა დაიწყო. ამის შესახებ ერაყის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა CNN-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ტიკრიტში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების გაძევების შემდეგ, სამხედრო პირებმა სულ მცირე 20 სახლი დაწვეს, მათ ასევე დაარბიეს, დაწვეს და დააზიანეს 50-ზე მეტი მაღაზია. უსაფრთხოების სამსახურმა ნაძარცვი ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანების შეჩერება ვერ შეძლო.

"ქალაქი ვერ კონტროლდებოდა, ISIS-ის გაძევების შემდეგ არანაირი სამოქმედო გეგმა არ დასახულა", - განაცხადა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა.

ოფიციალური პირები ტიკრიტის მოსახლეობასა და ერაყის სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობდნენ, რამდენადაც ქალაქის აღებაში მონაწილეობას შიიტი მილიციელებიც იღებდნენ, ხოლო ადგილობრივთა დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმანები არიან. ტიკრიტის აღებამდე მილიცია სპეციალურ წვრთნებს გადიოდა, მათ ირანელი სამხედრო მრჩევლები მეთაურობდნენ.

ერაყის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა მაროდიორობაში ბრალი მილიციას და მასთან ერთად, თავად ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელს დასდო.

ამ დროისთვის ერაყის ფედერალური პოლიციის სადაზვერვო სამსახური ტიკრიტში მომხდარ მაროდიორობის ფაქტებს იკვლევს.

ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ უშიშროების და სამხედრო ძალებს მაროდიორობასთან და ძალადობასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ტიკრიტი, რომელიც დასავლური სამყაროსთვის ცნობილი გახდა, როგორც ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის, დაბადების ადგილი, ISIS-მა ხელთ იგდო ივნისში. თვის ბოლოს კი ერაყმა ქალაქის დაბრუნება მოახერხა.

კომენტარები