ავლაბრის რეზიდენცია

აბაშიშვილი: პრეზიდენტი მზადაა, ივანიშვილს და 2030-ის ანალიტიკოსებს უმასპინძლოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ბიძინა ივანიშვილსა და 2030-ის ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად უმასპინძლოს. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, მათ დაათვალიერებინოს ავლაბრის რეზიდენცია, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი იქ არ ცხოვრობს.

"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის, უმასპინლოს ბიძინა ივანიშვილს და 2030-ის ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი აქ არ ცხოვრობს", - თქვა აბაშიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან თქვა, რომ "თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს".

კომენტარები